წიტაიშვილის წარმატებული დებიუტი, „დინამომ“ „თელავს“ ისევ ვერ აჯობა

0
28

თბილისის „დინამომ“ მეორე წრე წარუმატებლად დაიწყო. ესპანელი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილმა გუნდმა მე-10 ტურში სტუმრად „სამგურალთან“ 1:3 წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე „თელავთან“ რეაბილიტაცია ვერ შეძლო. მატჩი რომ დაძაბული იყო, ამას მსაჯის მიერ ორივე გუნდის ფეხბურთელებისთვის ნაჩვენები ყვითელი ბარათების რაოდენობა მეტყველებს – „დინამოს“ ოთხი, ხოლო „თელავს“ ხუთი. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში თელაველებმა შინ დინამოელებს 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
“დინამომ“ მიმდინარე სეზონში ფრედ მეოთხე მატჩი დაასრულა და 13 ქულით 10 გუნდში მე-6 ადგილზეა. რუსი ოლეგ ვასილენკოს ხელმძღვანელობით „თელავი“ 11 ქულით მეშვიდეა.
დინამო თბ 0:0 თელავი 
ფოთის „კოლხეთში“ კლიმენტი წიტაიშვილის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. მან კარიერაში მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი ქობულეთში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში „სამტრედიასთან“ ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 69-ე წუთზე რუს ფორვარდ კირილ კლიმოვს ანგარიშის გახსნა თერთმეტმეტრიანიდან შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი სამტრედიელთა მეკარე ავთანდილ ლაბაძემ მოიგერია. ფოთელებმა ბოლო ორ თამაშში სამი პენალტი ვერ გაიტანეს.
73-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა სამტრედიელთა კარში კიდევ ერთი პენალტი დანიშნა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თამაშში „კოლხეთის“ სასარგებლოდ 5 თერთმეტმეტრიანი დადეს. ამჯერად, ლაშა კოხრეიძემ დაარტყა და გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ფოთელთა კონტრშეტევის დროს თანაგუნდელის გადაცემის მერე, გიორგი აბუაშვილმა საჯარიმოს ხაზიდან ერთი შეხებით გაიტანა – 2:0. ამ გოლის შემდეგ, მსაჯმა სტუმართა ბრაზილიელი მცველი ლეო ასუნსეუ გააძევა. “დინამოში” დებიუტი საბა ხარებაშვილს ჰქონდა, რომელიც 15 წლის და 236 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ეროვნულ ლიგაში თბილისურ გუნდში უთამაშია.
„კოლხეთს“ 13 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ 7 ქულით მეცხრეა.
კოლხეთი 1913 2:0 სამტრედია 
ლაშა თაბაგარი