როტერდამის „ფეინოორდის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში შესაძლოა „ლივერპული“ ჩაიბაროს, რომელსაც ივნისში გერმანელი იურგენ კლოპი დატოვებს.
„ცხადია, რომ იქ მუშაობა მინდა. კლუბები მოლაპარაკებას აწარმოებენ და ასე რომ ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვარ. ჩვენ ველოდებით, შეთანხმებას როდის მიაღწევენ და ამის მჯერა“ – ციტირებს 45 წლის ნიდერლანდელ სპეციალისტს ESPN.nl.
სლოტი „ფეინოორდში“ 2021 წლის ზაფხულიდან მუშაობს და როტერდამელებს ნიდერლანდების ჩემპიონის ტიტული 2022-2023 წლებში მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ამ სეზონში ნიდერლანდების თასი მოიპოვა. გარდა ამისა, 2021-2022 წლების სეზონში „ფეინოორდმა“ კონფერემნს ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც „რომასთან“ წააგო.
ლაშა თაბაგარი





