ბურჯანაძე თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა

0
4

ესპანური “ლეიმა ბასკეტ კორუნას” ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე გუნდის მარტის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. გამოკითხვა სოციალური ქსელების საშუალებით გულშემატკივრებს შორის მიმდინარეობდა და მათ პირველ ადგილზე სწორედ ბურჯანაძე დააყენეს, რომელმაც ლიეტუველ ინგუს იაკოვიჩსა და სერბ გორან ჰუსკიჩს აჯობა.
ქართველმა ლეგიონერმა გასულ თვეში ლეიმა ბასკეტის მაისურით 6 მატჩი ჩაატარა და სოლიდური საშუალო მონაგარი ჰქონდა: 12 ქულა, 4.6 მოხსნა, 1.8 პასი. ბურჯანაძემ ყველაზე შედეგიანად ესტუდიანტესთან მატჩში ითამაშა, როდესაც 28 წუთში 21 ქულა ჩააგდო და ეს, მისთვის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია.
ძალიან გახარებული ვარ, რომ ეს ჯილდო გადმომეცა, თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა, წარმატებულ თამაშში თანაგუნდელებიც ძალიან დამეხმარნენ. იგივე შემიძლია ვთქვა ჩვენს სამწვრთნელო შტაბსა და ქომაგებზე, რომელთა მხარდაჭერასაც მუდმივად ვგრძნობ. ახლა, მნიშვნელოვანია მომავალ ტურში ოვიედოსთან მატჩისთვის მოვემზადოთ, რომელიც რთული მეტოქეა”, – განაცხადა ქართველმა ფორვარდმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
აღსანიშნავია, რომ ლეიმა ბასკეტ კორუნას ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ ოროში 31-დან 24 თამაში აქვს მოგებული და ერთპიროვნული ლიდერია. გუნდისთვის პირველობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ელიტარულ ლიგა ენდესაში მხოლოდ ქვედა დივიზიონის ჩემპიონი გადავა, მეორე-მეცხრე ადგილოსნები კი პლეი-ოფში ითამაშებენ, სადაც ურთულესი გზის გავლა იქნება საჭირო. ლეიმა ბასკეტი ოვიედოს 27 აპრილს ესტუმრება.