„ნაპოლიმ“ „ემპოლისთან“ მეორედაც წააგო

0
29

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ემპოლის“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
მატჩის მე-4 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა გიასიმ პასი ჩერის გაუკეთა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – 1:0. გოლის გატანიდან 15 წუთში ჩერიმ ბარძაყოს კუნთის ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
35-ე წუთზე ნიანგმა ნეაპოლელთა საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა და პასით კარის წინ მარტო დატოვა კამბიაგი, რომლის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა – „ემპოლიმ“ ანგარიშის გაზრდის საუცხოო შანსი ხელიდან გაუშვა. 67-ე წუთზე კვარაცხელიამ მოწინააღმდეგის საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა და მისი დარტყმის მერე მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. კვარაცხელია, რომელმაც მუცლის ტკივილის გამო, მიმდინარე კვირაში ერთ ვარჯიში გააცდინა, 72-ე წუთზე შეცვალეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდისთვის „ემპოლისთან“ მატჩი მიმდინარე სეზონში იმ გამონაკლისებს მიეკუთვნება, როდესაც თავისი შესაძლებლობა ბოლომდე ვერ გამოავლინა. „ემპოლის“ თადარიგში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე იყო, რომლის დებიუტი სერია A-ში ისევ გადაიდო.
ცნობისთვის, „ემპოლიმ“ ამ სეზონში „ნაპოლის“ მეორე თამაში მოუგო. პირველ წრეში ემპოლელებმა მეტოქეს ასევე 1:0 აჯობეს. „ნაპოლი“ 49 ქულით 20 გუნდში მერვეა.
ლაშა თაბაგარი