მამარდაშვილის გუნდმა კონკურენტთან წააგო

0
28

„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში შინ სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ სევილიის „ბეტისს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მატჩის მე-19 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ისკომ მარცხენა ფლანგიდან გარე ტერფით საუცხოო პასი მისცა „ვალენსიას“ საჯარიმოში აიოსო პერესს, რომელმაც თითქოს მოსკერასთან ორთაბრძოლაში ბურთი კარგად ვერ მიიღო, მაგრამ საბოლოოდ დასარტყმელ პოზიციაზე მაინც გავიდა და ანგარიში გახსნა – 0;1. 36-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოში ისკომ მიიღო ბურთი, რომელიც კარიდან წინ გამოს მამარდაშვილს თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო, მაგრამ კარს ააცილა. ტაიმის მიწურულს გოლის გატანის კარგი შანსი ოზკაჯარს ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.
52-ე წუთზე „ბეტისმა“ კუთხური ჩააწოდა და ხერმან პეცელას თავურის შემდეგ, მამარდაშვილმა ნახტომში თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა. 62-ე წუთზე პაბლო ფორნალსის დარტყმის შემდეგ გვერდით ძელს მოხვედრილი ბურთი მამარდაშვილმა ხელებში კი დააფიქსირა, მაგრამ ბაკამბუმ წესის დარღვევით დაარტყა და გაიტანა. მსაჯმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენთან გადაამოწმა და სევილიელი ფეხბურთელის მხრიდან მამარდაშვილზე თავდასხმა დააფიქსირა. 64-ე წუთზე „ვალენსიამ“ კუთხური ჩააწოდა და „ბეტისის“ მცველმა ხუან მირანდამ ხელის სახეში უგო დუროს ჩაარტყა, რის გამო, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პეპელუმ თავისი შანსსი გამოიყენა – 1:1. 77-ე წუთზე აიოსო პერესმა მასპინძლების ნახევარზე მიიღო ბურთი და მას მერე რაც მარცხნიდან ცენტრისკენ შეწეული სამ ვალენსიელს გასცდა დაარტყა – ტყავის სფერო „ღამურების“ მოთამაშეს ფეხზე შეეხო, რის შემდეგ, კარში აღმოჩნდა – 1:2.
„ვალენსიას“ 47 ქულა დარჩა და მე-8 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო მეშვიდე პოზიციაზე 48 ქულით „ბეტისმა“ აინაცვლა.
ლაშა თაბაგარი