„დინამომ“ და „დილამ“ ქულები გაიყვეს

0
38

თბილისის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში თავის მოედანზე ფრედ ზედიზედ მეორე თამაში დაასრულა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ბოლო შეხვედრაში ესპანელი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილებმა გორის „დილა“ მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდნენ, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღეს.
მატჩის მე-3 წუთზე გორელთა კონტრშეტევის დროს მეტოქის ნახევარზე გადასულმა სენეგალელმა იბრაჰიმა დრამემ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემა გაუკეთა მეტოქის სააჯრიმოში კიფონ ლაინდსმანს რომლის თავურის შემდეგ გიორგი ლორიამ ნახტომში თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში სტუმართა კიდევ ერთ შეტევის დროს თბილისელთა საჯარიმოს მარჯვნიდან მიახლოებულმა დროს გიორგი გაფრინდაშვილმა კარის წინ ისევ ლაინდსმანი მოძებნა, რომელმქაც ამჯერად ფეხით ააცილა.
მე-7 წუთზე 16 წლის ვახტანგ სალიამ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოს დარტყმის შესრულების დროს სტუმართა კარის სიახლოვეს გიორგი მაისურაძე მოძებნა, რომლის სახიფათო თავური დავით კერესელიძემ გაანეიტრალა. 29-ე წუთზე „დინამოს“ საუცხოო კონტრშეტევის დროს გორელთა საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა სალიამ ზუსტი პასი გაუკეთა ვასილიოს გორდეზიანს, რომელმაც თბილისელთა მაისურით  თავისი სადებიუტო გოლი „ცხრიანში“ გაიტანა – 1:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშის გაზრდა გვატემალელ ოსკარ სანტისს შეეძლო, მაგრამ მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის კარგი პასის მერე კარის წინ მდგომმა ძალიან ცუდად დაარტყა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში დინამოელებმა თავის ნახევარზე დაკარგეს ბურთი და ნიკა გაგნიძემ მასპინძლების საჯარიმოში გამოზომილი პასი მისცა იბრაჰიმა დრამეს, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 1:1. 84-ე წუთზე ბელგიის „ბევერენიდან“ „დინამოში“ დაბრუნებულმა გიორგი მოისწრაფიშვილმა ერთი შეხებით კარგი პასი მისცა მეტოქის ნახევარზე გახსნილ სანტისს, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან უმეთვალყურეოდ დარჩნილი სალია მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ძალიან კარგი დარტყმით გუნდს სამი ქულა მოუტანა – 2:1. 89-ე წუთზე ანგოლელმა ანტონიო ლოპესმა თავისი ნახევრიდან ზუსტი გადაცემა გაუკეთა „დინამოს“ ცენტრალური მცველების ზურგსუკან გახსნილ შოთა შეყილაძეს, რომელიც მეკარსთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაათანაბრა – 2:2. მან ტრავმის მორჩენის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
პორტუგალიელი რუი მოტას დამოძღვრილი „დილა“ 13 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო „დინამო“ 8 ქულით მეექვსეა.
დინამო თბ 2:2 დილა
რუსი იგორ ვასილენკოს ხელმძღვანელობით „თელავმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. თელაველებიდან გამარჯვების ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ გაიტანა. „თელავი“ 6 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, ხოლო გიორგი ონიანის თავკაცობით „გაგრამ“ 4 ქულა დააგროვა და მეცხრეა.
თელავი 1:0 გაგრა 
ლაშა თაბაგარი