„კოლხეთმა“ ელიტაში დაბრუნების შემდეგ პირველად მოიგო

0
30

ფოთის „კოლხეთმა“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსმცველი დავით კვირკველია წვრთნის, ელიტაში დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი მოიგო. ფოთელებმა ქობულეთში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში „გაგრა“ მიიღეს და მინიმალური სხვაობით აჯობეს. “კოლხეთი” ქობულეთში მანამდე ითამაშებს, ვიდრე ფოთის სტადიონი “ფაზისი” მატჩების ჩასატარებლად დადგენილ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
მატჩის 31-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა მეტოქის საჯარიმოში გიორგი ლომთაძე მოძებნა, რომელმაც ფინტით ერთი მცველი ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა – 0:1. 44-ე წუთზე მასპინძლების კაპიტანმა დავით მეგრელიშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა და გაგრელთა მცველ ლევან კაკუბავას ფეხიდან ბურთი კარში აღმოჩნდა – 1:1. 57-ე წუთზე გიორგი მელქაძემ სტუმრების საჯარიმოში დემეტრე გვასალიას მისცა პასი, რომელმაც არ დაუგვიანა გადაცემა ლაშა კოხრეიძეს, ამ უკანასკნელმა კი ახლო მანძილიდან გაიტანა. „კოლხეთს“ 4 ქულა აქვს, ხოლო გიორგი ონიანის თავკაცობით „გაგრამ“ ამ სეზონში სამივე თამაში წააგო.
ლაშა თაბაგარი