ესპანელი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილი თბილისის „დინამოს“ ფეხბუთელებმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურში სტუმრად „თელავთან“ 0:4 წაგების შემდეგ, საკუთარ თავში ძალა იპოვეს და კვირას შინ „ქართულ კლასიკოში“ პრინციპული მეტოქე ქუთაისის „ტორპედო“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე გავიდა, როდესაც მეტოქის ნახევარზე მყოფმა გიორგი მაისურაძემ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში 16 წლის ვახტანგ სალიას, რომელმაც თავით გაიტანა. სამი ტურის შემდეგ „დინამოს“ 6 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. სეზონის წინ ჩემპიონობის მოპოვების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეულმა „ტორპედომ“, რომელსაც შოტლანდიელი სტივ კინი თავკაცობს, ზედიზედ 2 შეხვედრა წააგო და 3 ქულით მე-7 პოზიციაზეა. განვლილ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო თანაშემწეებთან ერთად.
დინამო თბ 1:0 ტორპედო
გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით თბილისის „იბერიამ“ „სამტრედია“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მატჩამდე გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსი ჰქონდა, მხოლოდ ქულა აიღო – 2:2. შეხვედრის მე-20 წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით შოთა ნონიკაშვილმა ისარგებლა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მიჯრით მესამე თამაშში გაიტანა – 1:0. 37-ე წუთზე ავღანელი ომრან ჰაიდარის გადაცემის მერე, ჩრდილოეთ მაკედონიელი ფილიპ ბოშკოვსკი თბილისელთა საჯარიმოში ორ მოთამაშეს გაცდა და მისი დარტყმის მერე გიორგი ჯგერენაიას მოხვდა ფეხში ბურთი, რომელიც ლაზარე კუპატაძის ზურგსუკან კარში ჩაეშვა – 1:1. 62-ე წუთზე სამტრედიელთა ნახევარზე მყოფმა გიზი მამაგეიშვილმა საჯარიმოში შოთა ნონიკაშვილი მოძებნა, რომლის თავურის მერე შეიკნე სილამ თითქმის კარის ხაზიდან „იბერია“ დააწინაურა. 75-ე წუთზე დიტო ფაჩულიამ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა – 2:2. „იბერიას“ 7 ქულა აქვს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის დამოძღვრილ „სამტრედიას“ – 2.
იბერია 1999 2:2 სამტრედია
ლაშა თაბაგარი





