ხვადაგიანი კარიერას ისრაელში გააგრძელებს

0
54

საბა ხვადაგიანი კარიერას ნეთანიას “მაკაბიში” გააგრძელებს, რის შეახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
“დინამო თბილისსა” და “მაქაბი ნეთანიას” შორის საბა ხვადაგიანის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. თბილისური კლუბის ახალგაზრდა მცველი კარიერას ისრაელის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. მიმდინარე სეზონში მაქაბი ლიგათ ჰა’ალში მეექვსე ადგილს იკავებს.
საბა ხვადაგიანი “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და ჩვენი გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავდა. ხვადაგიანმა თბილისური კლუბის პირველ გუნდში 90 მატჩი გამართა, სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ამავე პერიოდში ახალგაზრდა მცველმა საქართველოს ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში იასპარეზა.
საბა ხვადაგიანი “დინამო თბილისთან” ერთად ერთხელ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ კი ქვეყნის სუპერ თასს დაეუფლა. “დინამო თბილისი” მადლობას უხდის საბა ხვადაგიანს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ კარიერაში” – ნათქვამია “დინამოს” განცხადებაში.
ხვადაგიანი “დინამოს” გულშემატკივრებს ასეთი სიტყვებით დაემშვიდობა:
“ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი იწყება და მშობლიურ გუნდთან დამშვიდობება მიწევს. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია. ბავშვობიდან დინამოში ვარ და ძალიან მიყვარს ეს კლუბი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემს განვითარებაში წვლილი შეიტანა აკადემიიდან – პირველი გუნდის ჩათვლით. ყოველთვის დინამოს გულშემატკივარი ვიქნები, წარმატებას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე”.
ლაშა თაბაგარი