„ბორდომ“. რომლის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი იცავს, საფრანგეთის ლიგა 2-ში კიდევ ვერ მოიგო.
მე-12 ტურში ჟირონდელები შინ „როდეზს“ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ქულა აიღეს – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მასპინძლების სასტარტოში ითამაშა და 78-ე წუთზე შეცვალეს. მან 26-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
„ბორდო“ მე-13 წუთზე ბარბემ დააწინაურა, ხოლო ვაისბეკმა მასპინძლების უპირატესობა მე-18 წუთზე ორ ბურთამდე გაზარდა. თუმცა, ჟირონდელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. 33-ე წუთზე „როდეზიდან“ თავი არკონტემ გამოიჩინა, 79-ეზე კი „ბორდოს“ კარი ჰოუნტონჯიმ აიღო.
„ბორდოს“ ლიგა 2-ში ზედიზედ 6 მატჩია არ მოუგია (3 ფრე და 3 წაგება) და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა. არადა, სეზონის წინ დავითაშვილის გუნდი ლიგა 1-ში დაბრუნებას გეგმავდა.
ლაშა თაბაგარი





