საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩისთვის მზადების ფარგლებში, 23 სექტემბერს, ნაკრებმა მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა.
ახალი სანაკრებო სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა: „მნიშვნელოვანი თამაშები მოდის. კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ. რა თქმა უნდა, 100 პროცენტით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.
პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ავიღოთ. შემდეგ კი, უკვე უკრაინასთან შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ქართველი გულშემატკივარი ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს.“





