აგდამის „ყარაბაღი“, რომელშიც ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სტუმრად ლევერკუზენის „ბაიერთან“ 1:5 განადგურდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამე მეკარე ისევ თადარიგში იყო და არ უთამაშია. მას მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანული გუნდის მთავარი მწვრთნელი არ წყალობს და ამიტომ, მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა.
ხაბი ალონსოს გაწვრთნილი „ბაიერიდან“ დუბლი ალექს გრიმალდომ შეასრულა, ხოლო თითო გოლი ვირცმა, ბონიფაციმ და ტაპსობამ გაიტანეს.
„ყარაბაღმა“ ჯგუფში პირველი თამაში წააგო და 6 ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერი 9 ქულით „ბაიერია“. აგდამელები მომდევნო მატჩს შინ 9 ნოემბერს ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი





