ნიკა კვეკვესკირმა ტრავმა მოირჩინა და 20 აგვისტოს შემდეგ პოზნანის „ლეხის“ შემადგენლობაში პირველად ითამაშა.
თუმცა, ქართველი ფეხბურთელისთვის დაბრუნება წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან „ლეხმა“ სტუმრად „პოგონთან“ 0:5 წააგო. საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 4:0 იგებდნენ. მან მიმდინარე სეზონში „ლეხში“ მეორედ ითამაშა. პოზნანელები 17 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზე არიან.
შვეიცარიის სუპერლიგის მე-9 ტურში „ბაზელი“ შინ „ლოზანა უშისთაან“ 0:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა მასპინძლების სასტარტოში არ იყო და თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო. „ბაზელს“ ძალიან ცუდი სტარტი აქვს და 8 ტურის მერე 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





