დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფლანგელები გიორგი გოჩოლეიშვილია და ირაკლი აზაროვი გამოდიან, მიმდინარე სეზონში უკრაინის პრემიერლიგაში ფრედ მესამე შეხვედრა დაასრულა.
დონეცკელები სტუმრად „რუხს“ შეხვდნენ და დაპირისპირება 1:1 დასრულდა. გოჩოლეიშვილმა და აზაროვმა შეუცვლელად ითამაშეს. „შახტარი“ 21-ე წუთიდან კაცნაკლული იყო, რადგან უხეშობისთვის გამოცდილი მცველი რაკიცკი გააძევეს.
„შახტარიდან“ ანგარიში მე-17 წუთზე სუდაკოვმა გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 88-ე წუთზე სლუბუკმა გაიტანა. „შახტარი“ 18 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
გერმანიის მეორე ბუნდელისგის მე-7 ტურში „კარსლრუე“ გასვლაზე „ფიურტთან“ 3:4 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში არ იყო და 70-ე წუთიდან ითამაშა. „კარსლრუე“ 8 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში „ვოლფსბერგერი“ „ტიროლს“ ეწვია და 3:2 სძლია. სანდრო ალთუნაშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობასი ისევ მოხვდა და 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 70-ე წუთზე შეცვალეს. „ვოლფსბერგერი“ 10 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი
