საბა ლობჟანიძემ MLS ლიგაში კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. „ატლანტა იუნატედმა“, რომელსაც საქართველოს ნაკრების გარემარბი ზაფხულში შეუერთდა ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ უმასპინძლა და 5:2 სძლია.
ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენეს და თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ატლანტელები 3:2 იგებდნენ.
76-ე წუთზე საბა მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და პასი გიაკოუმაიკისს გაუკეთა, რომელმაც ფაქტობრივად ცარიელ კარში გაიტანა – 4:2. 89-ე წუთზე ლობჟანიძემ მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთი მცველს წაართვა და საჯარიმოსთან მიახლოებულმა გადაცემა ვოლფს მისცა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ის “ატლანტა იუნაიტედის” ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც შეცვლაზე შესვლის მერე 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ცნობისთვის, მესი განვლილ მატჩში “ინტერ მაიამის” განაცხადში არ იყო.
„ატლანტა იუნაიტედი“ 45 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
