კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ გენუაში ქულა გადაარჩინა

0
39

იტალიის მოქმედი ცემპიონი „ნაპოლი“ მე-4 ტურში სტუმრად „ჯენოასთან“ მარცხს გადარჩა. რუდი გარსიას გაწვრთნილი გუნდი მატჩის მსვლელობისას 0:2 აგებდა და ქულა ბოლო 15 წუთში აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს – გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია.
გენუელები მე-40 წუთზე მატია ბანიმ დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე რეტეგიმ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 76-ე წუთზე რასპადორიმ ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა. 84-ე წუთზე პოლიტანომ მეტოქის კარი მეორედ აიღო და ნეაპოლელები შინ ქულით დაბრუნდნენ.
„ნაპოლის“ გასულ სეზონთან შედარებით აშკარად ცუდი სტარტი აქვს და 7 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. ჯერჯერობით ვერც კვარაცხელია აჩვენებს წინა სეზონის მსგავს თამაშს, ხოლო მისი და ოსიმენის დუეტი ამ ეტაპზე ადრინდელივით მრისხანედ ვერ გამოიყურება. იმედია, ეს დროებითია და ხვიჩა ისე ათამაშდება როგორ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელს შეეფერება.
ლაშა თაბაგარი