ჩაკვეტაძის, აზაროვის და ბერიძის საგოლე პასები

0
4

„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ზედიზედ 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ჩემპიონშიფის მე-6 ტურში შინ „ბირმინგემ სიტი“ 2:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ორივე გოლი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში გაიტანეს. 91-ე წუთზე ანგარიში რაიოვიჩმა გახსნა, ხოლო 96-ე წუთზე ჩაკვეტაძის პასის მერე, რომელიც მწვავე არ იყო, ენდრიუს საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. „უოტფორდი“ 8 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-7 ტურში დონეცკის „შახტარმა“ კიევის „ობოლონს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ნაზარინამ 77-ე წუთზე საქართველოს ეროვნული გუნდის მარცხენაფლანგელის ირაკლი აზაროვის გადაცემის შემდეგ გაიტანა. აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი განაცხადში არ იყო. „შახტარი“ 17 ქულით 16-გუნდიან პრემიერლიგაში ლიდერია.
თურქეთის რანგით მეორე ლიგის „ქოჯაელისფორში“ სადებიუტო მატჩი გიორგი ბერიძემ ჩაატარა. „ქოჯაელმა“ შინ „ბოლუსფორი“ 2:1 დაამარცხა, ბერიძე თამაშში შესვენების მერე ჩაერთო და ორ წუთში მისი საგოლე პასით ანგარიში გაიხსნა.
ლაშა თაბაგარი