ოთარ კიტეიშვილმა თავის კარიერაში ჯერჯერობით ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თავი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში მოქმედ ჩემპიონ და გათამაშების ლიდერ „ზალცბურგთან“ მატჩში გამოიჩინა.
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი ბალდოს გატანილი გოლით 0:1 აგებდა, კუთხურის ჩაწოდების დროს ზაკარიასგან ბურთი საჯარიმოს გარეთ მიიღო და დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მეორე გოლი მიითვალა. 63-ე წუთზე კიტეიშვილის პასით მასპინძლები ზაკარიამ დააწინაურა, ხოლო 73-ე წუთზე სტუმრებიდან თავი კოიტამ გამოიჩინა, რომელმაც პენალტი შეაგდო.
„შტურმი“ 17 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი
