ნამანგანის „ნავბახორში“ გადასვლის შემდეგ, თომა ტაბატაძემ პირველი დუბლი შეასრულა.
უზბეკეთის თასის 1/4-ფინალში „ნავბახორმა“ თერმეზის „სურხონს“ უმასპინძლა და ქართველის მეშვეობით გაიმარჯვა. ტაბატაძემ 67-ე წუთზე ანგარიში პენალტიდან გახსნა.
ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე მეტოქის კარის წინ მდგომმა ქართველმა ფორვარდმა თანაგუნდელის კარგი პასი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ის გუნდს გასულ ზაფხულში შეუერთდა და უზბეკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 5 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-5 ტურში განჯის „ქიაფაზი“ თავის მოედანზე „არაზთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მათე კვირკვიამ გაიტანა, რომელიც თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და 78-ე წუთზე პენალტი გაიტანა. „ქიაფაზის“ ახალწვეული გიორგი პაპუნაშვილი განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი
