კვარაცხელიას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

0
2

ხვიჩა კვარაცხელიამ კატარის დედაქალაქ დოჰაში მუხლზე ოპერაცია წარმატებით გაიკეთა, რის შესახებ პსჟ-ს პრესსამსახური იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურში შინ „ბარსელონასთან“ მოგებული მატჩის მეორე ტაიმში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ გავა.
25 წლის ფეხბურთელს ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი მოუწევს და მისი მოედანზე დაბრუნების დრო უცნობია.
პსჟ-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 91 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩამ პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. იგი „ნაპოლის“ მაისურით 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Forbes-ს მიხედვით საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი პსჟ-ში წელიწადში 21 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და კლუბში ანაზღაურებით მხოლოდ უსმან დემბელეს ჩამორჩება.
„ოქროს ბურთის“ 2026 წლის გამოკითხვაში კვარაცხელია მე-6 ადგილზე გავიდა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა. მანამდე, ყველაზე კარგი შედეგი თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელი რამაზ შენგელიას ჰქონდა – მე-7 ადგილი 1981 წელს.
ლაშა თაბაგარი