საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე გამოსვლა ავსტრალიასთან მარცხით (84:100) დაასრულა. ჩვენებმა მუნდიალზე 16 საუკეთესო ნაკრებს შორის გასვლა მოახერხეს და მომავალი წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე გამოსვლის უფლებაც მოიპოვეს. “მწვანე კონტინენტის” გუნდთან დაპირისპირების დასრულების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა ეტიკეტის დაცვით ჯერ მეტოქეს გამარჯვება მიულოცა, შემდეგ გუნდში მატჩის წინ შექმნილ სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება (ტრავმების გამო შენგელიან, ცინცაძემ, სანაძემ და ბერიშვილმა ვერ ითამაშეს), ბოლოს პრესკონფერენცია ემოციურად დაასრულა და საუბრის მიწურულს ცრემლებს ვერ იკავებდა:
“ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ქართველ გულშემატკივრებს, რომლებმაც შორეული გზა გამოიარეს და გულმხურვალედ გვქომაგობდნენ. ვამაყობ ჩემი კალათბურთელებით, იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე გვეგონა. ეროვნულ ნაკრებში გატარებული 8 წლის შემდეგ ასე დასრულება გულდასაწყვეტია, ჩემი გრძნობების ახსნა ახლა არ შემიძლია, ჩემი ყველა კალათბურთელი მიყვარს, საქართველო მიყვარს. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, გუნდს საკუთარი სული და გული მივეცი”.
საქართველოს ნაკრებში მწვრთნელის ცვლილება ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ დაადასტურა. მისი თქმით, ფედერაცია ყოველმხრივ შეეცდება ზუროსის შემცვლელი დროულად შეარჩიოს.
გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ოკინავადან
