ილიას ზუროსი: “მსოფლიო ჩემპიონატი ღირსეულად უნდა დავასრულოთ”

0
18

საქართველოს ნაკრებს მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატზე დასკვნითი მატჩის ჩატარება 3 სექტემბერს ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან უწევს. ორივე ნაკრებმა მუნდიალის 16 საუკეთესო ნაკრებთა შორის ადგილი დაიბევა, მეოთხედფინალში გასვლის შანსი კი ორივეს დაკარგული აქვს. იაპონიის სამხრეთით მდებარე კუნძულ ოკინავაზე გასამართი ბოლო აკორდის წინ საქართველოს ნაკრებმა მოთელვითი წვრთნა ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის ბერძენ მთავარ მწვრთნელი ილიას ზუროსს გავესაუბრეთ:
„უპირველესად მოგახსენებთ, რომ ყველამ უნდა გავიაზროთ, წლევანდელ მსოფლიო პირველობაზე რაოდენ მაღალ შედეგს მივაღწიეთ. ჩვენი გუნდი ესოდენ მაღალი საკალათბურთო ფორუმის დებიუტანტი გახლავთ და პირველივე ჯერზე პლანეტის უძლიერეს 16 ეროვნულ ნაკრებს შორის დაიკავა ღირსეული ადგილი. ეს ფაქტი ისტორიული მოვლენაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ამბავი – საქართველოს ნაკრები მომავალი წლის ზაფხულში პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე ითამაშებს.
რაც შეეხება მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის დასკვნით ასპარეზობას, მეხუთე შეხვედრას უძლიერეს ავსტრალიის ნაკრებთან ჩავატარებთ. ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგის რიგებში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 9 მოთამაშე ირიცხება. ავსტრალიელები მაღალ ტემპში, ათლეტურად თამაშობენ და მათი ძლევა ურთულესი საქმეა. ჩვენ გუნდში ტრავმა აწუხებთ თორნიკე შენგელიას, დუდა სანაძეს, მიშა ბერიშვილს. საექიმო შტაბთან მოთათბირების შემდეგ გადაწყდება, პარკეტზე გასვლას რომელი მათგანი შეძლებს. როგორც ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას შევეცდებით. გერმანელებთან მტკივნეული მარცხის შემდეგ ფსიქოლოგიურად გადაწყობა ძნელია, მაგრამ ამის გაკეთება უნდა შევძლოთ, ვეცადოთ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და მსოფლიო ჩემპიონატი ღირსეულად დავასრულოთ”.

გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ოკინავადან