მარკის რიდის 17 ქულა პაოკ-თან

0
2

ევროთასის მე-5 ტურში მარკის რიდის „ბაჰჩეშეჰირმა“ საკუთარ მოედანზე ბერძნულ პაოკ-ს უმასპინძლა და დრამატულ ორთაბრძოლაში, 84:81 სძლია მეტოქეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი სტამბოლური კლუბის შემადგენლობაში კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
რიდმა შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო. პარკეტზე გატარებულ 26 წუთსა და 56 წამში მან საკუთარ გუნდს 17 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. „ბაჰჩეშეჰირის“ რიგებში 17 ქულა მეორე საუკეთესო შედეგი გახლდათ მალაკაი ფლინის შემდეგ, რომელმაც 28 ქულა მიითვალა. სტუმართა შემადგენლობაში კი 30 ქულით ჯედი ოსმანი გამოირჩა.
ამ გამარჯვების შემდეგ „ბაჰჩეშეჰირს“ 4 მოგება და 1 მარცხი აქვს, რითაც D ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში, 3 ნოემბერს, თურქული კლუბი გერმანულ „ულმს“ ესტუმრება. მანამდე მარკის რიდის გუნდს ადგილობრივ ჩემპიონატში ელის მატჩი, სადაც 5-0 ბალანსით ერთპიროვნულად ლიდერობს.
აღსანიშნავია 31 წლის ქართველი ლეგიონერის ბრწყინვალე ფორმა — მარკის რიდს ევროთასზე საშუალოდ 17.3 ქულა აქვს, რაც ტურნირის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.