ივა გელაშვილი: „ქართული ფეხბურთის ახალ ისტორიას, ამჯერად პირველ ნაკრებში დავწერთ“

0
626

საქართველოში ჩატარებულმა ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო და მთლიანად სპორტული ცხოვრება გამოაცოცხლა. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობისას ჩვენმა ბიჭებმა შესაშური მონდომება და ოსტატობა გამოავლინეს და მაღალ დონეზე თამაშით სრულიად საქართველო გაახარეს. მართალია, პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვებამდე მცირეოდენი დაგვაკლდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა მრავალრიცხოვან ქომაგებს სიხარულისა და სიამაყის გრძნობა გაუღვივეს და სამომავლო წარმატებების იმედიც ჩაუსახეს.
ძალიან ძნელია რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფა, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ რამაზ სვანაძის გუნდში როგორც სპეციალისტებზე, ასევე ჟურნალისტებსა და ქომაგებზე სხვებთან ერთად, განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების უკანახაზელმა ივა გელაშვილმა დატოვა.
კარგ საფეხბურთო თვისებებთან ერთად, ივა გელაშვილი კარგი მოსაუბრეცაა და ვფიქრობ, მასთან ინტერვიუ მკითხველისთვისაც მეტად საინტერესო იქნება.

– ისრაელთან მეოთხედფინალური მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღეთ, რის გამოც თამაშის გაგრძელებს ვერ მოახერხეთ, ამიტომაც დიალოგს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე  საუბრით დავიწყებთ…
– ორთაბრძოლისას მეტოქის თავი მომხვდა, რის გამოც ორ ადგილას ცხვირის ძვალი გამიტყდა. მეორე ტაიმის მსვლელობისას გასახდელში ვიყავი, სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ დამატებით დროში დავბრუნდი. ძალიან მიმძიმდა, უმნიშვნელოვანეს მატჩში ბიჭებს რომ ვერ ვეხმარებოდი. დაზიანების მიღებისთანავე ექიმებს ვეუბნებოდი, თამაშს გავაგრძელებ–მეთქი, მაგრამ სისხლდენის გაჩერება ვერ მოხერხდა და იძულებული გავხდი, მინდვრიდან გავსულიყავი. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხარო იყო…
5–6 დღეში ვარჯიშს განვაახლებ. დასავენებლად ვაპირებ წასვლას და წვრთნას ინდივიდუალური გრაფიკით გავაგრძელებ.
– ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი გაქვთ გაფორმებული და ამჟამად „საბურთალოში“ თამაშობთ. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში ამ გუნდის ღირსებას აღარ დაიცავთ?
– „საბურთალოში“ არ დავრჩები. ჯერჯერობით ახალ კლუბთან დაკავშირებით კონკრეტულს ვერ გეტყვით, თუმცა, გარკვეული მოლაპარაკება მაქვს, ასევე შეთავაზება. სამომავლო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას მალე მივიღებ, ჯერჯერობით კი მხოლოდ ის შემიძლია გაგიმხილოთ, რომ უცხოურ კლუბთან იჯარა–გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმება მსურს.
– რამდენად კმაყოფილი ხართ საქართველოს ეროვნულ პირველობასა და კონკრეტულად „საბურთალოში“ გამოსვლით?
– „საბურთალოზე“ კარგის მეტს ვერაფერს ვიტყი. გუნდში კარგი სათამაშო პრაქტიკა მივიღე, პირველ წრეში ბურთიც გავიტანე და ბათუმის „დინამოსთან“ დაპირისპირებისას საგოლე გადაცემაც შევასრულე. ჩეხეთში, პრაღის „სპარტაში“ გამოსვლისას რეგულარული ასპარეზობის საშუალება ნაკლებად მეძლეოდა. გუნდის სარეზერვო შემადგენლობაში ვასპარეზობდი და ხშირად პირველი გუნდიდან „ჩამოწეულ“ ფეხბურთელებს ათამაშებდნენ, რომლებსაც ტრავმის მოშუშების შემდეგ სათამაშო პრაქტიკის მიღება ესაჭიროებოდათ. ხშირად ეს მოთამაშეები ჩემი ამპლუის, ცენტრალური მცველები იყვნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩეხეთში ჩემ გამოსვლას ყურადღებით აკვირდებოდა რამაზ სვანაძე, თითქმის ყველა მატჩის შემდეგ მიკავშირდებოდა და საჭირო მითითებებს მაძლევდა.
წინა სეზონის მეორე ნახევარი ბოლნისის „სიონში“ გავატარე. ამ ტრადიციულ გუნდში გამოსვლითაც კმაყოფილი ვარ, თუმცა, გული დამწყდა, ბოლნისელები დაბალ ლიგაში რომ დაქვეითდნენ. მარტო ვარჯიში ბევრს არაფერს იძლევა, საქართველოში ყოფნამ კი, სათამაშო პრაქტიკის დამსახურებით, ბურთთან ურთიერთობა გამიუმჯობესა. საერთოდაც მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ჩემპიონატში თამაში იოლი საქმე არაა.
– ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის კონკრეტულ მატჩებზე საუბრამდე ერთ კითხვას დაგისვამთ – როდის იგრძენით, რომ ნაკრები და პირადად თქვენ ტურნირის ესოდენ მაღალ დონეზე ჩატარებას შეძლებდით?
– ახალგაზრდული ნაკრების ეს შემადგენლობა 14 წლიდან ერთად მოვდივართ. ბიჭები ერთი დიდი საფეხბურთო ოჯახის წევრებად ვთვლით თავს და რეალურად ასეცაა. ბოლო ხუთი წელიწადია, რამაზ სვანაძის დამრიგებლობით ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ. ჩვენი მწვრთნელი ყოველთვის კარგ ანალიზს აკეთებს, საჭირო დავალებებს გვაძლევს, რომლებსაც ზედმიწევნით ზუსტად ვასრულებთ. თქვენ კითხვას რაც შეეხება, პირდაპირ გეტყვით – ტურნირის დაწყებამდე ვგრძნობდით და ვიცოდით, ჯგუფური ეტაპის ბარიერს რომ დავძლევდით. ტურნირზე თამაში არ წაგვიგია და სამწუხაროა, რომ შეჯიბრებას მაინც გამოვეთიშეთ.
– პორტუგალიასთან სასტარტო შეხვედრის მოგებით სრულიად საფეხბურთო საქართველო გაახარეთ…
– რამაზ სვანაძის ყველა წინასამატჩო მითითება კარგად შევასრულეთ. პორტუგალიამ შემოგვიტია და ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საწყის 15 წუთში გოლის არგაშვება გახლდათ. თუ გახსოვთ, მატჩის ამ მონაკვეთში მეც ბურთს შეძლებისდაგვარად შორს, მოწინააღმდეგის ნახევარზე ვიგერიებდი. შემდგომში თამაში დავალაგეთ, რასაც ორი გოლი მოჰყვა, დაახლოებით თამაშის მესამოცე წუთისთვის კი დარწმუნებული ვიყავი, რომ არათუ მოვიგებდით, მეტოქეს ბურთის გატანის საშუალებასაც არ მივცემდით.
– მომდევნო მეტოქესთან, ბელგიასთან ასპარებობა სხვა სცენარით წარიმართა…
– სამწუხაროდ პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით წავაგეთ. ამის მიუხედავად, ჩვენ რიგებში დაბნეულობა და პანიკა არ შექმნილა. გასახდელში ვთქვით, რომ უნდა დავწყნარებულიყავით და ჩვენი თამაშისთვის მიგვეგნო. გვჯეროდა, რომ არ დავმარცხდებოდით. წიტაიშვილის სწრაფმა გოლმა კარგი სამსახური გაგვიწია. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ამ მატჩშიც შეკავშირებამ და მეგობრობამ გვიშველა.

– კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩავატარეთ…
– ჩემი აზრით ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქე სწორედ ნიდერლანდელთა სახით გვყავდა. ბენილუქსელები კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ და ტექნიკურადაც ძალიან კარგად გამოიყურებიან. სულიკო დავითაშვილის ეფექტური გოლის შემდეგ მოწინააღმდეგემ ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაგვიტანა. თუ გახსოვთ, ნიდერლანდელთა ერთ–ერთო ბოლო იერიშის დროს საჯარიმოდან ბურთი მე გამოვიტანე. როგორც ამბობენ, იმ მომენტში დამატებითი დრო ამოიწურა, მაგრამ რეფერიმ მეტოქეს კიდევ ერთი შანსი მისცა… როგორც იტყვიან მოწინააღმდეგემ გოლი „გასახდელში გაგვატანა“, თუმცა, ამას ჩვენი დეზორგანიზება და დაბნეულობა არ გამოუწვევია, მეორე ტაიმში უძლიერესი ოპონენტისთვის არაფერი დაგვითმია და ასპარეზობის მიწურულს გოლის გატანაც შეგვეძლო. საბოლოოდ ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით, თუმცა, უფრო გაგვიხარდებოდა, 7 ქულა რომ აგვეღო…
– ოცნების ახდენამდე, ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვებამდე ერთადერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. ისრაელთან ჩატარებულ მეოთხედფინალზე რას გვეტყოდით?
– ისრაელი კარგად ორგანიზებული გუნდია, ამასთან ტექნიკური ფეხბურთელებითაცაა დაკომპლექტებული. ბოლო ხანს ებრაელები ასაკობრივი ნაკრებების დონეზე ძალიან კარგად გამოდიან, თუნდაც 20 წლამდე ასაკის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი გავიხსენოთ. მეორე ტაიმსა და დამატებით დროში ბურთი დავიჭირეთ, თამაშში ყველაფერი ჩავდეთ, მაგრამ სამწუხაროდ სასურველი შედეგის მიღწევა ვერ მოვახერხეთ. ასპარეზობის მიწურულს ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მეტოქესთან შედარებით მეტი ძალა შეგვრჩა. არადა, ძალიან დაღლილები ვიყავით, თუმცა, მაყურებლის მხარდაჭერამ დამატებითი ძალა შეგვმატა. გულშემატკივარი ბოლომდე გვერდით გვედგა, რამაც უდიდესი სამსახური გაგვიწია. ქომაგებმა და საქართველოს სიყვარულმა გვათამაშა ესოდენ მაღალ დონეზე.
დასანანი მარცხის მიუხედევად, ყველა მადლობას გვიხდის და გვეუბნება, ჯერ კიდევ ვერ გრძნობთ, რამხელა საქმე გააკეთეთო. მართალია, ოცნება ვერ ავიხდინეთ და ოლიმპიადის საგზური ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ქართული ფეხბურთის ახალ ისტორიას, ამჯერად პირველ ნაკრებში დავწერთ.
– თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, ეროვნულ გუნდში თამაშისთვის მზად ხართ…
– ჩვენი თაობა მართლაც გამორჩეულია. პირველ ნაკრებში თავის თამაშის საშუალებას მოგვცემენ და ამ შანსს აუცილებლად სათანადოდ გამოვიყენებთ.
ვისარგებლებ შესაძლებლობით და დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ჩვენ საწვრთნელ სტაფს – რამაზ სვანაძესთან ერთად, ყველა მათგანი საქმის პროფესიონალია და საკუთარ მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებს. მადლობა „საბურთალოს“ და მის დამფუძნებელ ტარიელ ხეჩიკაშვილს. ამ გუნდში სათანადო და საჭირო საასპარეზო პრაქტიკა მივიღე. განსაკუთრებით ვემადლიერებით საქართველოს ნაკრების ქომაგებს. ესოდენ მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე აქამდე არ მეთამაშა და გულშემატკივართა აქტიურმა მხარდაჭერამ დამატებითი სტიმული და ძალა შეგვმატა.


– საუბრის ბოლოს ბათუმის ფინალზეც ვთქვათ – ინგლისი თუ ესპანეთი?
– ვიმედოვნებდი, რომ ფინალში საქართველო იქნებოდა… ინგლისელთა და ესპანელთა დაპირისპირებას რაც შეეხება, საინტერესო ფინალი გველის. ორივე მაღალი დონის გუნდია, მცირეოდენ უპირატესობას კი ინგლისს მივანიჭებდი…

გოჩა კაჭარავა