ლომინაძე: “ბედნიერი ვარ რომ ამ დიდი მოვლენის მონაწილე ვიყავი”

0
67
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ღირსებას ,,სამგურალის” ფეხბურთელები: ნოდარ ლომინაძე, ნიკა ხორხელი და ნოდარ ყალიჩავა იცავდნენ.
21 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ნოდარ ლომინაძემ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გულშემატკივრებს თავი ბრძოლისუნარიანობითა და კარგი თამაშით დაამახსოვრა.
,,სამგურალის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჩვენთან ევროპის ახალგაზრულ ჩემპიონატზე გამოსვლა შეაფასა.

ნოდარ ლომინაძე: “ჩვენმა გუნდმა ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა და ალბათ, ბევრი არ ელოდა, რომ ჯგუფიდან გავიდოდით. ძალიან რთული მეტოქეები გვყავდა, თითქმის ყველა ფავორიტმა ჩვენს ჯგუფში მოიყარა თავი. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ, მოვუგეთ პორტუგალიას, ფრე ვითამაშეთ ბელგიასთან და ჰოლანდიასთან. ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ქართველ ქომაგს დიდი სიხარული მივანიჭეთ.

პირადად მე ასეთი ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ თამაშმა დიდი გამოცდილება შემძინა. ვნახე თუ რაზე მაქვს სამუშაო.
პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო ხალხის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს ვინც კი სტადიონზე მოვიდა ან ტელეეკრანებიდან გვადევნება თვალს. სამწუხაროდ, ისრაელთან პენალტების სერიაში დავმარცხდით და ნახევარფინალამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. ყველაფერი ცუდად დამთავრდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი მოვლენის მონაწილე ვიყავი”.