რამაზ სვანაძისთვის ადამიანური თვალსაზრისით ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის პოზიცია მისაღებია, რომელთაც ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თამაში იუარეს. 21-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ რებილიტირებულ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვიპროსთან ამხანაგურ მატჩში 2:0 გამარჯვების შემდეგ გაანცხადა.
რამაზ სვანაძე: “დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩავატარეთ. მოკლე შეფასება რომ გავაკეთო, გვქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მომენტებიც, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მეტი შეგვიძლია, რაც ჯგუფში ურთულეს მეტოქეებთან აუცილებლად დაგვჭირდება. შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ დღეს მთავარი გამარჯვება იყო და ეს მოვახერხეთ. ევროპის ჩემპიონატის წინა პერიოდი კარგი გამოვიდა, მხედველობაში ანგარიში მაქვს და ის პოზიტიური ეპიზოდები, რომლებიც მატჩის მიმდინარეობისას შევქმენით. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მომენტების რეალიზებაზე ბევრი გვაქვს სამუშაო გვაქვს.
ეროვნულ ნაკრებში მყოფი ის 5 ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში შევიყვანეთ 21 ივნისს შემოგვიერთდება და მათი მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვეტთ, ვინ, როდის ითამაშებს. რაც შეეხება კვარაცხელიასა და მიქაუტაძის საკითხს, ერთი მხრივ, როგორც მწვრთნელისთვის, სამწუხაროა, რომ ისინი ტურნირზე ვერ დაგვეხმარებიან. ხოლო ადამიანური თვალსაზრისით, მათი პოზიცია მისაღებია და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.
ემადგენლობაში ორი ნომინალური ფორვარდი გვყავს: გიორგი გაგუა და გიორგი გულიაშვილი. ისინი განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან და განსხვავებული სისტემიდან გამომდინარე, ზოგჯერ განსხვავებულ პოზიციებზე თამაშობენ. ლადო ჩიხრაძემ გაფართოებულ სიაში გამოძახება დაიმსახურა. თუმცა, სატურნირო განაცხადში შესაყვანად მის შესახებ უფრო მეტი წმინდად საფეხბურთო ინფორმაცია მჭირდებოდა. სამწუხაროდ, მისი ამხანაგურ შეხვედრებში ხილვის საშუალება არ მომეცა და ამიტომ მივიღეთ ამგვარი გადაწყვეტილება. ძალიან რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა და ეს მხოლოდ ჩიხრაძეს არ შეეხება, არამედ ყველას, ვინც გაფართოებულ სიაში იყო. გაკეთდა ის არჩევანი, რომელიც გაკეთდა და ჩემი აზრით, ეს სამართლიანი და ლოგიკურია.
დღევანდელი მატჩის მიმდინარეობისას ფორმაცია რამდენჯერმე შეიცვალა, ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო ტესტი გახლდათ და რამდენიმე ვარიანტი მოვსინჯეთ. იყო მომენტები, რომლებმაც გაამართლა, იყო სიტუაციები, სადაც ხარვეზები ჩანდა, უკეთესი დასკვნისათვის თამაშის ნახვა და ანალიზია საჭირო.
იორგი შეკრების საწყის ეტაპზე, ცოტა მძიმედ გამოიყურებოდა. დღეს ყველამ ერთად ვნახეთ, რომ გაცილებით უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში იყო და დრო კიდევ გვაქვს. წიტაიშვილს ძალიან დიდი დადებითი თვისება აქვს – ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და გააჩნია ის სათამაშო კლასი და ხარისხი, რომლებიც ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად დაგვჭირდება. მისი ძალიან მეიმედება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იქნება.
ანრი ჩვენი გუნდის კაპიტანი, ერთ-ერთი ღერძი და ლიდერია. მისი ნაკრებში ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ფეხბურთელების მნიშვნელობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმ გამოცდილებასაც, რომელიც მათ ეროვნულ ნაკრებში აქვთ მიღებული. ისინი წნეხის ქვეშ თამაშს მიჩვეულები არიან და მექვაბიშვილის ფეხზე დადგომა ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება, განსაკუთრებით, პირველი პორტუგალიასთან მატჩში. ახლა გადის რეაბილიტაციის კურსს, 2 დღეში გვეცოდინება საბოლოო პასუხი მის მდგომარეობასთან დაკავშირებით და იმედი, ყველაფერი კარგად იქნება”.





