მამარდაშვილმა ვიგოში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო

0
58

„ვალენსიამ“ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში დასარჩენად უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. გიორგი მამარდაშვილის გუნდი ვიგოში ადგილობრივ „სელტასს“ ესტუმრა და სამი ქულა დაპირისპირების მიწურულს აიღო.
მე-11 წუთზე მამარდაშვილმა თავისი საჯარიმოდან გრძელი პასი მეტოქის ნახევარზე გახსნილ დიეგო ლოპესს მისცა, რომელმაც „სელტას“ მცველის შეცდომის შემდეგ ბურთი მიიღო და საჯარიმოში გახსნილ ჯასტინ კლუვერტს მისცა,. ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გახსნა.
22-ე წუთზე კარლეს პერესი შეტევის მარჯვენა ფლანგზე ორ მეტოქეს გაცდა და ცენტრისკენ შეწეულმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა – მამარდაშვილმა ბურთი ნახტომში კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულის შესრულების მერე, ვიგოელმა ფეხბურთელმა სტუმართა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, თუმცა დარტყმა სუსტი აღმოჩნდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ბურთი ხელებში უპრობლემოდ დააფიქსირა.
ტაიმის მიწურულს ისევ კარლეს პერესმა იაქტიურა, რომელიც ვალენსიელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა, მაგრამ ხეირიანად ვერ დაარტყა და მამარდშვილმა ბურთი დაიჭირა.
მეორე ტაიმის განახლებიდან ხუთ წუთში შვეიცარიელმა ფორვარდმა ჰარის სეფეროვიჩმა საჯარიმოს ხაზიდან დაბალი ტრაექტორიით „ვალენსიას“ კარისკენ გაგზავნა ბურთი, რომელსაც მამარდშვილი თითებით მიწვდა და კუთხურზე გადააგდო.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში დიეგო ლოპესმა ბურთი მეტოქის კარის წინ მიიღო და ოდანვ მახვილი მარჯვენა კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მასპინძლების მეკარე ვილარმა გუნდი მეორე გოლის გაშვებისგან ფეხით გადაარჩინა.
მე-60 წუთზე ბელტრანმა მარჯვენა ფრთიდან კუთხური ჩააწოდა და სეფეროვიჩმა თავით აუღებლად დაარტყა – მამარდაშვილი კი „გაიჭიმა“, თუმცა ბურთს ვერ მიწვდა.
„სელტას“ გოლის გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ პასიენსიას შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 87-ე წუთზე „ვალენსიას“ კონტრშეტევის დროს ფულკიემ მარჯვენა ფლანგიდან ვიგოელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ალბერტო მარიმ თავით გაიტანა და როგორც შემდეგ გაირკვა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „ღამურებს“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ააღებინა.
მსაჯის მიერ დამატებულმე-3 წუთზე სტუმართა მცველმა გაბრიელ პაუზლისტამ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
ამ გამარჯვების წყალობით “ვალენსიამ” 37 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი