„გაგრამ“ და „თელავმა“ ქულები გაიყვეს

0
52

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურმა სტარტი თბილისის ზღვაზე მდებარე ილის კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში აიღო, სადაც გაგა კირკიტაძის გაწვრთნილმა „გაგრამ“ სომეხი ვარდან მინასიანის დამოძღვრილი „თელავი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
პირველი ტაიმის მიწურულს ბრაზილიელმა მათეუს მარკონდელიმ მეტოქის საჯარიმოში ანდრო ნემსაძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით პასი გაუკეთა კარის სიახლოვეს გახსნილ თემურ შონიას, ამ უკანასკნელმა კი მცველებს დაასწრო და ანგარიში გახსნა – 1:0.
63-ე წუთზე თელაველებმა თავისი ნახევრიდან დაიწყეს კომბინაცია და ლაშა ქოჩლაძემ მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილი საბა ფირანაშვილი მოძებნა, რომელმაც ზუსტი პასი გაუკეთა კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ გიორგი ილურიძეს, რომელმაც თავით გაიტანა – 1:1.
75-ე წუთზე სტუმრების მცველმა ნიკა ნოზაძემ თავისი საჯარიმოს ხაზთან გიორგი ლაცაბიძე წააქცია და მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ „თელავი“ კაცნაკლული დარჩა, „გაგრამ“ დარჩენილ დროში მეტი გოლი ვერ გაიტანა და ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
„გაგრა“ 9 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, ხოლო „თელავი“, რომელსაც 2 ქულით ნაკლები აქვს, მერვეა.
ლაშა თაბაგარი