ხავიერ ძანეტი:”ჩვენი მიზანია საქართველოში “ინტერის” ფილოსოფია დავნერგოთ”

0
28

თბილისში მილანის “ინტერის” აკადემიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე იტალიური კლუბის ვიცეპრეზიდენტი და არგენტინული ფეხბურთის ვარსკვალი ხავიერ ძანეტი ჩამოვიდა. ის აკადემიის მოზარდ ფეხბურთელებთან ერთად საჩვენებელ ვარჯიშში მონაწილეობდა.
ხავიერ ძანეტი: “მინდა, უდიდესი მადლობა გადავიხადო მასპინძლობისთვის. საქართველოში აკადემიის დაფუძნება „ინტერის“ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრი კარგი საქმის კეთებას შევძლებთ. ჩემი აქ ყოფნა იმის დასტურია, რომ თანამშრომლობა კარგად ვითარდება.
ჯერ ორი წელია გასული და ძნელია იმის თქმა, ვინმეს ხომ არ ვაკვირდებით და აყვანას ხომ არ ვაპირებეთ, მაგრამ რაც შეეხება მოლოდინს, ჩვენი სურვილია „ინტერის“ მეთოდები, ფილოსოფია დავნერგოთ და გავავრცელოთ საქართველოში. მერე ვნახავთ, რა შედეგს მივიღებთ.
დიდი ხანია, „ინტერის“ აკადემიის პროექტები მთელს მსოფლიოში ხორციელდება. საქართველომდე სხვა ქვეყნებთან წარმატებით ვთანამშრომლობდით. მთავარია, რომ საქართველოში საიმედო პარტნიორები გვყავს, რომლებიც „ინტერის“ ფილოსოფიას იზიარებენ,
რაც შეეხება საქართველოში ახალგაზრდული ვეროპის ჩემპიონატის გამართვას, ეს დიდი გამოწვევაა და ქვეყანაში ფეხბურთის დონის გაზრდას ხელს შეუწყობს.
“ნაპოლიმ“ დაიმსახურა, რომ იტალიის ჩემპიონატში პირველ ადგილზე იყოს. ლუჩანო სპალეტის გუნდი ბრწყინვალე თამაშს აჩვენებს და თუ ჩემპიონი გახდება, ეს დამსახურებული წარმატება იქნება.
რას ვურჩევდი ბავშვებს? არასოდეს შეწყვიტონ ოცნება და ბოლომდე სპორტული ღირებულებებით იცხოვრონ. მე სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ ჩამომაყალიბა – ფეხბურთის თამაშის დიდმა სურვილმა. სულ წინსვლას ვცდილობდი და მინდოდა, ვარჯიშზე თუ თამაშზე მაქსიმალურად დავხარჯულიყავი.
ქართველებიდან კარგად ვიცნობ კალაძეს, რომლის წინაააღმდეგაც ბევრჯერ მითამაშია. ახლა ვხედავთ, როგორ თამაშობს კვარაცხელია „ნაპოლიში“. კონკრეტულ სახელებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ჩანს, რომ ქართული ფეხბურთი ვითარდება”.
დავით კერესელიძე (ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტი, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): “საქართველოში ხავიერ ძანეტის სტუმრობა ყველას გაგვიხარდა. „ინტერის აკადემია საქართველო“ მილანური კლუბის უცხოურ ფილიალებში რიგით მე-20 აკადემიაა. გვაქვს პრეტენზია, რომ მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.
დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე ამ თანამშრომლობის შედეგებით ვიამაყებთ. ამის გამო მადლობა მინდა იმ იტალიელ სპეციალისტებს გადავუხადოთ, რომლებიც ჩვენს აკადემიაში საქმიანობდნენ და საქმიანობენ.
აღსანიშნავია, რომ „ინტერამდე“ თანამშრომლობა სხვა გუნდებთანაც გვსურდა, მათ შორის, „იუვენტუსთან“, მაგრამ პირველი, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, „ინტერი“ იყო. იმასაც ვიტყვი, რომ ეს კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლამდე მოხდა, ამიტომ იყო ეს მნიშვნელოვანი ფაქტი. სხვათა შორის, ახლა ჩვენთან თანამშრომლობა „ნაპოლისა“ და კიდევ რამდენიმე კლუბს სურს.
რაც შეეხება „ინტერთან“ თანამშრომლობის გახანგრძლივებას, იგეგმება არა მხოლოდ ახალი ხელშეკრულების გაფორმება, არამედ გაფართოებაც. ვფიქრობთ, რომ ეს პერსპექტიული პროექტია, რომელიც გაგრძელდება“.

.