შავი ლომი | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე

0
1

ხუთ დღეში ‘შავი ლომი’ თავისთვის მეოთხე, 2026/2027 წლების ჩელენჯ თასის გათამაშებას იწყებს. ჩვენი გუნდი 17 ოქტომბერს 16 საათზე, „ავჭალაზე“ უელსურ ‘ოსფრიზს’ დაუხვდება.
ჩელენჯ თასი 1996 წლიდან იმართება და მასში ევროპის წამყვან კლუბებთან ერთად, 2022 წლიდან სამხრეთ აფრიკული გრანდებიც მონაწილეობენ. მიმდინარე სეზონში თასისთვის ფრანგული ტოპ 14-ის ექვსი (‘ბაიონი’, ‘კასტრი’, ‘ლიონი’, ‘პერპინიანი’, ‘ტულონი’ და ‘ვანი’), ინგლისის პრემიერშფის ორი (‘ჰარლიქუინსი’ და ‘ნიუკასლი’) და გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის რვა გუნდი ითამაშებს – ‘ალსთერი’ ირლანდიიდან, ‘ედინბურგი’ შოტლანდიიდან, ‘დრაგონსი’, ‘ოსფრიზი’ და ‘სქარლეთსი’ უელსიდან, ‘ბენეტონი’ და ‘ძებრე’ იტალიიდან და ‘შარქსი’ სამხრეთ აფრიკიდან. მათ ემატება ორი წვეული გუნდი – სამხრეთ აფრიკული ‘ჩიტასი’ და ქართული ‘შავი ლომი’.
ეს 18 გუნდი სამ ჯგუფშია გადანაწილებული და თითოეულ მათგანს ჯგუფურ ეტაპზე ოთხი თამაშის გამართვა მოუწევს – ორის შინ და ორის სტუმრად. ფლეი ოფში 12 საუკეთესო გადის, მათ ჩემპიონთა თასიდან დაქვეითებული ოთხი გუნდი დაემატება და 1/8-ფინალური წყვილები შედგება.
‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასზე 2023 წლის შემდეგ რეგულარულად თამაშობს და ყველა სეზონში მოახერხა თითო გამარჯვების მოპოვება – 2023 წლის დეკემბერში გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის უელსურ გუნდ ‘სქარლეთსთან’ 23:7; 2024 წლის დეკემბერში ფრანგული ტოპ 14-ის ‘ვანთან’ 22:19; ხოლო 2026 წლის იანვარში ასევე ტოპ 14-ის ‘მონტობანთან’ 31:28.
ამ სეზონში ჩვენი გუნდი მესამე ჯგუფში ‘ოსფრიზთან’, ‘ედინბურგთან’, ‘ჰარლიქუინსთან’, ‘ტულონთან’ და ‘ვანთან’ მოხვდა. ‘შავი ლომი’ 17 ოქტომბერს უელსურ ‘ოსფრიზს’ „ავჭალაზე“ უმასპინძლებს; 13 დეკემბერს ტოპ 14-ის გრანდ ‘ტულონს’ საფრანგეთში ეწვევა; 10 იანვარს ასევე სტუმრად ტოპ 14-ის ‘ვანს’ შეერკინება; ხოლო 17 იანვარს შოტლანდიურ ‘ედინბურგს’ თბილისში დაუხვდება.
ახალი მწვრთნელით და განახლებული შემადგენლობით
ჩელენჯ თასზე ‘შავი ლომი’ პირველად ითამაშებს პიერ-ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით. ივნისიდან დღემდე, გუნდმა რვა მაღალი დონის მოსამზადებელი თამაში გამართა.
ზაფხულში ის სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა, სადაც „ტოიოტა ჩელენჯის“ ფარგლებში ამ ქვეყნის სამ გუნდს შეერკინა. სექტემბერში ამხანაგური მატჩები გამართა გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის იტალიურ ფრენჩაიზ ‘ბენეტონთან’ და ინგლისის პრემიერშიფის მოქმედ ჩემპიონ ‘ნორთჰემპტონთან’, რის შემდეგაც თბილისის თასზე სამხრეთ აფრიკის ქარი ქაფის ჩემპიონს, ვიცე-ჩემპიონსა და მესამეადგილოსანს ეთამაშა.
ჩელენჯ თასისთვის ბრონკანმა გაფართოებულ შემადგენლობაში 42 მორაგბე შეიყვანა, საიდანაც 23 მორკინალი, 19 კი ხაზის მოთამაშეა. გუნდი გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავს წარმოადგენს. ახალგაზრდების სიმრავლე განსაკუთრებით ხაზში შეინიშნება. ჩელენჯ თასზე ქართული ფრენჩაიზის შემადგენლობაში პირველად ითამაშებენ ლეგიონერები – მაიკლ ქარი და ლეავასა პოტუ. სატურნირო განაცხადში რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, რომლებიც დიდი 10-ის კლუბებში თამაშობენ და ბრონკანი მათ საჭიროების შემთხვევაში დაიმატებს.
მეტოქე – ოსფრიზი (უელსი)
2003 წლის თებერვალში, უელსის რაგბის კავშირის წევრმა კლუბებმა, საგანგებო კრებაზე კენჭი უყარეს 130-წლიანი ტრადიციის შეცვლას და ადგილობრივი კლუბებიდან რეგიონულ სტრუქტურაზე გადავიდნენ. ეს იყო პასუხი იმ გამოწვევაზე, რომელიც რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლამ განაპირობა და შედეგად, იმავე წელს ოთხი უელსური პროფესიული ფრენჩაიზი დაარსდა, რომელთაგან ერთ-ერთი EPCR ჩელენჯ თასზე ‘შავი ლომის’ უახლოესი მეტოქე იქნება.
‘ოსფრიზი’ ორი ადგილობრივი კლუბის – ‘ნითისა’ და ‘სუონსის’ გაერთიანებით შეიქმნა. ის მალევე იქცა უელსის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეგიონულ გუნდად და ამ სტატუსს დღემდე ინარჩუნებს.
‘ოსფრიზი’ დაარსების წელსვე (2003) ჩაერთო კელტების ლიგაში (შემდგომში პრო 12 და გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი) და უელსური გუნდებიდან დღემდე ყველაზე მეტი ტიტულის მოპოვება მოახერხა.
2011 წლამდე, კელტების ლიგაში უელსური, ირლანდიური და შოტლანდიური გუნდები მონაწილეობდნენ და ‘ოსფრიზმა’ სამჯერ იზეიმა ჩემპიონობა – 2005, 2007 და 2010 წლებში. 2011 წლიდან ტურნირს იტალიური გუნდებიც დაემატნენ და ის პრო 12-ად გადაკეთდა, ‘ოსფრიზი’ კი 2012 წელს მეოთხედ გახდა ჩემპიონი. მოგვიანებით, კელტების ლიგა ჯერ პრო 14-ად, მერე კი გაერთანებულ რაგბის ჩემპიონატად იქცა, თუმცა აგერ უკვე 14 წელიწადია ‘ოსფრიზი’ ტიტულის დაბრუნებას ვერ ახერხებს.
სამაგიეროდ, ის კვლავ ლიდერობს უელსურ გუნდებს შორის და სამჯერ – 2022, 2024 და 2026 წლებში მოიპოვა უელსის ფარი.
გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის გასული სეზონი, ‘ოსფრიზმა’ 7 მოგებით, ორი ფრითა და 9 მარცხით (ჯამში 39 ქულა) მე-11 ადგილზე დაასრულა. ახალ სეზონში უელსელებს ორი მარცხის წილ მხოლოდ ერთი მოგება აქვთ და 6 ქულით მე-13 პოზიციაზე არიან. ერთადერთი გამარჯვება ‘ოსფრიზმა’ გასულ შაბათს, ‘დრაგონსთან’ მოიპოვა და თბილისში კარგ ხასიათზე მოდის.
გუნდი საშინაო შეხვედრებს შავი ფერის ფორმით ატარებს, სტუმრად კი თეთრი ფერის კვართებით იმოსება.
მის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს უელსური რაგბის ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ, როგორებიც არიან ალუნ უინ ჯოუნსი, შეინ უილიამსი და ჯასტინ ტიპურიკი.
შავი ლომი 2026/27 წლების ჩელენჯ თასზე
შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, დათო აბდუშელიშვილი, გიგა კობახიძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქიმუცაძე, ბაჩუკი ბარათაშვილი, ნიკოლოზ ნარმანია, შოთა ხელაძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, ირაკლი ქვათაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, ლადო ჩაჩანიძე, დავით არველაძე, მაიკლ ქარი, ლეავასა პოტუ, გიორგი ცუცქირიძე, ლაშა ციხისთავი, ლუკა ნარსია, ოთარ გიორგაძე, გიორგი სინაურიძე, სანდრო მამამთავრიშვილი;
ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი, თემურ ძოძუაშვილი, დავით იმნაძე, ლუკა ცირეკიძე, ლუკა თაყაიშვილი, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, აკაკი ტაბუცაძე, რომა მახათაძე, ოთარ მეტრეველი, ლუკა ტაბატაძე, ლეონიდე სალდაძე, დემეტრე დევდარიანი, დავით ხუროშვილი, მათე მახარაძე, დათა ახვლედიანი, ვაჟა მიქაძე, მიხეილ ყაჩლავაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი.