კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის მეორე სათამაშო დღეს თბილისის „საბურთალომ“, რომელსაც ომარ თეთრაძე ავარჯიშებს, რუსთავში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში „თელავი“ მიიღო და 3:0 აჯობა.
ძლიერი ქარის ფონზე მიმდინარე მატჩის მე-4 წუთზე მასპინძლებმა კუთხური გაითამაშეს და მარჯვენა ფლანგიდან გიზო მამაგეიშვილის ჩაწოდების შემდეგ, ელდარ პარკინაშვილმა თავით ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო შეტევაში ჩართულმა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ ასევე თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-14 წუთზე ლუკა სილაგაძემ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
64-ე წუთზე ბექა ქურდაძემ თელაველთა შეტევა დაიწყო და ხელით პასი გუნდის კაპიტან ლაშა ქოჩლაძეს მისცა, რომელსაც ოთარ მამაგეიშვილმა ბურთი აართვა, რის შემდეგ თავს ზემოთ წინ გამოსულ მეკარეს გადაუგდო.
ომარ თეთრაძის ხელმძღვანელობით „საბურთალომ“ 12 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო სომეხი ვარდან მინასიანის დანიშვნის შემდეგ „თელავმა“ მიჯრით 3 თამაში წააგო და 5 ქულით მერვეა.
გაგა კირკიტაძის თავკაცობით „გაგრამ“ მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო. მატჩის 31-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან კახა კაკაშვილმა დაარტყა და სამტრედიელთა ბელარუს მეკარე იაროსლავ ბურიჩენკოვი უპრობლემოდ უნდა დაუფლებოდა ბურთს, რომელიც საბოლოოდ ხელებს შორის გაუძვრა და კარში აღმოჩნდა.
56-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილი მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ხელში ლუკა ნოზაძეს მოხვდა, რაც მთავარმა მსაჯმა გიორგი ვარდიძემ რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ დააფიქსირა, რის გამო, პენალტი დანიშნა. ვარლამ კილასონიამ თერთმეტმეტრიანიდან ანგარიში გაათანაბრა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე „სამტრედიამ“ მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში ბურთი ლუკა ნოზაძემ მიიღო, რომელამც ზუსტად დაარტყა – 1:2.
„გაგრამ“ 5 ქულით მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო გიორგი შაშიაშსვილის გაწვრთნილი „სამტრედია“ 4 ქულით ბოლო ადგილზე დაქვეითდა.
ლაშა თაბაგარი




