ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურის მატჩი, რომელიც ლონდონში ადგილობრივ „არსენალსა“ და „ნიუკასლს“ შორის შედგა უგოლოდ დასრულდა.
მიკელ არტეტას გაწვრთნილმა „არსენალმა“ მიმდინარე სეზონში ფრედ მეორე შეხვედრა დაასრულა – პირველად ლონდონელები გასული წლის 23 ოქტომბერს „საუთჰემპტონს“ (1:1) დაუზავდნენ. გარდა ამისა, ამ სეზონში პირველად „არსენალმა“ გოლი ვერ გაიტანა, როდესაც მანამდე ჩატარებულ 16 შეხვედრაში მოედანს გატანილი ბურთის გარეშე არ ტოვებდა.
„ნიუკასლს“ 1995 წლის შემდეგ პირველად 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 9 გამარჯვება და 6 ფრე.
„არსენალი“ 44 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო ედი ჰაუს თავკაცობით „ნიუკასლმა“ 35 ქულა დააგროვა და მესამეა.





