
ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში „ბარსელონამ“ თანაქალაქელ „ესპანიოლს“ უმასპინძლა და კატალონიური დერბიში ქულები დაკარგა.
ხავის გაწვრთნილი გუნდი მე-7 წუთზე მარკოს ალონსომ დაწინაურა, როდესაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მეტოქის საჯარიმოში პასი თავით ანდრეს კრისტენსენისგან მიიღო და თვითონაც თავით გაიტანა.
73-ე წუთზე მატჩის მთავარმა მსაჯმა მატეო ლაოსმა მიიჩნია, რომ კრისტენსენმა თავის საჯარიმოში ხოსელუსთან ორთაბრძოლაში თამაშის წესი დაარღვია, როდესაც ხელით ტანზე შეეხო და პენალტი დანიშნა. ხოსელუმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულდა.
სხვათა შორის, განვლილ შეხვედრაში ლაოსმა ორივე გუნდის ფეხბურთელებს 5-5 ყვითელი ბარათი აჩვენა, ხოლო ესპანიოლელი ვინისიუს სოუზა და ბარსელონელი ხორდი ალბა მეორე „ყვითელის“ მიღების გამო გააძევა. ცნობისთვის, ალბამ “ბარსელონაში” მე-300 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მე-12 ფეხბურთელია.
თამაშის შემდეგ „ბარსას“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ განაცხადა, რომ ლაოსს სადავეები გაექცა და ყვითელ ბარათებს უაზროდ არიგებდა. თუმცა, ისიც დასძინა, რომ ფრე არა მსაჯის, არამედ, მისი გუნდის ბრალია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „ბარსელონამ“ მეორედ ვერ მოიგო მატჩი, რომელშიც კარის მიმართულებით 20-ჯერ მეტჯერ დაარტყა. განვლილ შეხვედრაში მასპინძლებმა კარის მიმართულებით ბურთი 21-ჯერ გაგზავნეს, ხოლო ჩარჩოში 21-ჯერ მოახვედრეს.
ცნობისთვის, „ესპანიოლმა“ სტუმრად „ბარსელონასთან“ ქულა 2009 წლის თებერვლის შემდეგ პირველად აიღო – მაშინ 2:1 მოიგო.
“ბარსელონამ” 38 ქულით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა და “რეალს” გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით სჯობს.





