საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელის საერთაშორისო დონეზე ჩატარებული 101 მატჩით ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში რეკორდსმენია, სფფ-ს პრესსამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კარიერის იდეალური დასასრული ევრო 2024-ზე თამაში იქნებოდა.
გურამ კაშია: “ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, ჩემი შრომა ამ ციფრებით მიფასდება. ნაკრებში თამაში ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო, მაგრამ მიზნად არასდროს მქონდა დასახული, რომ 100 მატჩი უნდა ჩამეტარებინა. ისე ვშრომობ, როგორც 100 თამაშის წინ ვშრომობდი და ამის მიღწევა ძალიან რთული იყო, რადგან 12-13 წლის განმავლობაში მწვრთნელისთვის პირველი არჩევანი უნდა იყო.
გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვეხმარები, რომ თავი კარგად და თავისუფლად იგრძნონ, უფრო გაიხსნან და ატმოსფეროს შეეგუონ. მაქსიმალურად ვცდილობთ მე და კიდევ რამდენიმე მოთამაშე, რომ მათ დავეხმაროთ, რათა გუნდში თავი კომფორტულად იგრძნონ. რა თქმა უნდა, ჩემს გამოცდილებასაც ვუზიარებ და ბევრს ვაძალებ კიდევაც, რომ სწორად იკვებონ.
სადაც ვითამაშე, გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სითბოს ვგრძნობდი, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ეს ყველაზე მეტ მოტივაციას და ენერგიას მაძლევს, რადგან ამდენი ხალხის იმედგაცრუების უფლება არ მაქვს. ძირითად ენერგიას, სწორედ გულშემატკივრებისგან ვიღებ. ყოველთვის რთულ და მძიმე გზას ვირჩევ. კომფორტი არ მომწონს, ზეწოლის ქვეშ თამაში მირჩევნია. გაცილებით უკეთ ვთამაშობ, როცა ზეწოლას განვიცდი მწვრთნელისგან, მეტოქისგან, გულშემატკივრებისგან.
ამერიკიდან რომ წამოვედი, ჩავარდნა მქონდა და უკვე კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი. ისე დაემთხვა, რომ ამერიკიდან წამოსვლის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიასთან წავაგეთ და მერე თბილისის ლოკომოტივში აღმოვჩნდი. ამ პერიოდში სანიოლმა გამომიძახა შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან სათამაშოდ, ის მატჩები რომ ვითამაშე, ახლიდან დავიბადე, თავიდან ვირწმუნე ჩემი ძალების, რადგან მართლა მეგონა, რომ უკვე ფინიშისკენ მივდიოდი. სამივე თამაში კარგად ჩავატარე, თვითონ ვიყავი კმაყოფილი ჩემი თამაშით, რაც ხშირად არ ხდება.
ფეხურთის თამაშისგან დღეს უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე კარიერის დასაწყისში. სახლში ყოფნა და ფეხბურთის თამაში ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა და მინდა, იმ მიზნამდე მივიდეთ, სადაც ვიყავით და თუ მივედით, მეორე ფინალს აუცილებლად მოვიგებთ. ჩემთვის ეს იქნება ჩემი თავის წინააღმდეგ გამარჯვება, რადგან მაკედონიასთან მარცხის მერე ფეხბურთით დაღლილი ვიყავი, ხალისი აღარ მქონდა. ახლა კი ისევ გვაქვს შანსი, რომ დიდ ტურნირზე ვითამაშოთ და ჩემთვის ეს ოცნების ასრულება იქნება, შეიძლება ვთქვათ, რომ იდეალური დასასრული.
მე არ ვარ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ყოველთვის გუნდთან ერთად ვარ, ნებისმიერ მომენტში და მინდა, რომ დამახასიათონ ისეთ ფეხბურთელად, რომელიც ნაკრებისთვის ყველაფერს აკეთებდა და როცა თამაშობდა, აუცილებლად 100 პროცენტით იხარჯებოდა”




