საფრანგეთის ნაკრებმა კატარში მიმდინარე მუნდიალი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი D ჯგუფის პირველ შეხვედრაში ავსტრალიას შეხვდა და 4:1 დაამარცხა.
დიდიე დეშამის გაწვრთნილი გუნდისთვის თამაში უიღბლოდა დაიწყო, რადგან მე-9 წუთზე ავსტრალიელმა გუდვინმა ანგარიში გახსნა და ამ ეპიზოდში მარცხენა მცველი ტეო ერნანდესი დაშავდა, რომელიც შეცვალეს. ერნანდესს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა და ფრანგი ფეხბურთელისთვის მუნდიალი დასრულდა. სხვათა შორის, დეშამი მის ნაცვლად ვერავის გამოიძახებს, რადგან მსოფლიო პირველობისთვის მუნდიალის განაცხადში მოთამაშეთა დამატების ვადა 21 ნოემბერს ამოიწურა. პოლ პოგბას, ნგოლო კანტეს, ქარიმ ბენზემას და ნკუნკუს შემდეგ, ერნანდესი „სამფეროვნებისთვის“ კიდევ ერთი სერიოზული დანაკლისია.
27-ე წუთზე რაბიომ ავტრალიელების კარი თავით აიღო, ხოლო 5 წუთში ავსტრალიელი მცველი თავის საჯარიმოსთან ბურთის ამოტანის დროს შეცდა და რაბიოს პასი ჟირუმ ფრნაგები წინ გაიყვანა. 68-ე წუთზე მარჯვნიდან უსმან დემბელეს ჩაწოდების შემდეგ, კილიან მბაპემ თავურით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. 71-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან მბაპეს გადაცემის მერე ჟირუმ საბოლოო წერტილი დასვა. მან საფრანგეთის ნაკრებში 51 გოლი გაიტანა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში ლეგენდარულ ტიერი ანრის გაუთანაბრდა. ჟირუ 36 წლის და 53 დღის ასაკში საფრანგეთის ნაკრების ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია.
რაბიო მსოფლიო 1998 წლის ჩემპიონატის შემდეგ პირველი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში გოლი და საგოლე პასი მიითვალა. მაშინ, ეს კრისტოფ დიუგარიმ მოახერხა სამხრეთ აფრიკასთან (3:0) მატჩში.
23 წლის მბაპე ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 5 გოლი გაიტანა. მან ლეგენდარულ ჟიუსტ ფონტენს გაასწრო, რომელმაც ასეთივე შედეგი 24 წლის ასაკში შვედეთში 1958 გამართულ მუნდიალზე აჩვენა.
ამ ჯგუფის პირველი მატჩი დანიასა და ტუნისს შორის უგოლოდ დასრულდა. ასევე გოლი არ გასულა C ჯგუფში მექსიკა-პოლონეთის შეხვედრაში, სადაც რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტი ვერ გამოიყენა.





