მუნდიალმა სტარტი აიღო – მასპინძელი გახსნის მატჩში პირველად დამარცხდა

0
40

კატარში ფეხბურთში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატმა სტარტი აიღო. გახსნის მატჩი ქალაქ ალ ხორის სტადიონ „ალ ბაითზე“ შედგა, რომელშიც მასპინძელი კატარის ეროვნული გუნდი ეკვადორთან 0:2 დამარცხდა. კატარი მუნდიალების ისტორიაში პირველი მასპინძელი ნაკრებია, რომელმაც გახსნის შეხვედრა წააგო.
მატჩის მე-16 წუთზე პენალტიდან ანგარიში სამხრეთ ამერიკელთა კაპიტანმა ენერ ვალენსიამ გახსნა, რომელმაც 31-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მან გოლი მე-3 წუთზეც გაიტანა, მაგრამ რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ იტალიელმა მთავარმა მსაჯმა დანიელ ორსატომ ბურთი არ ჩათვალა. არადა ვალენსიას შანსი ჰქონდა გახსნის მატჩში გატანილი ყველაზე სწრაფი ბურთის ავტორი ყიფილიყო.
თუმცა, ის 21-ე საუკუნეში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალის სასტარტო შეხვედრაში მეტოქის კარი ყველაზე სწრაფად აიღო. 2002 წელს სენეგალელმა პაპა ბუბა დიოპმა საფრანგეთთან (1:0) 30-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 2010 წელს სამხრეთ აფრიკელმა სიფივე ტშაბალამ მექსიკასთან (1:1) თავი 55-ე წუთზე გამოიჩინა. მუნდიალის ისტორიაში გახსნის მატჩში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორები არგენტინელი ერნესტ ბელისი და ბრაზილიელი სეზარ სამპაიო არიან. ბელისმა 1934 წელს იტალიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთთან (2:3) მატჩში ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა. სამპაიომ 1998 წელს საფრანგეთში გამართულ მუნდიალზე შოტლანდიასთან (2:1) დაპირისპირებაში თავი ასევე მე-4 წუთზე გამოიჩინა.
33 წლის ვალენსია ეკვადორის მიერ მსოფლიო პირველობაზე გატანილი ბოლო 5 გოლის ავტორია. მან 3 ბურთი ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონატში მიითვალა, ხოლო 2 – მიმდინარეში.
მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა გაიტანა ზედიზედ ერთი ნაკრებისთვის მუნდიალზე ვალენსიაზე მეტი გოლი (6) – პორტუგალიელმა ეუსებიომ (1966, ინგლისი), იტალიელმა პაოლო როსიმ (1982, ესპანეთი) და რუსმა ოლეგ სალენკომ (აშშ, 1994).
ამასთანავე, ვალენსია ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გახსნის მატჩში გოლი გაიტანა.