„ნაპოლის“ ხელმძღვანელებმა ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყეს, იუწყება Calciomercato.com-ის ჟურნალისტის დანიელე ლონგოს თავის ტვიტერის გვერდზე.
ნეაპოლელებს საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის გარემარბთან ხელშეკრულების გაფორმება 2028 წლამდე სურთ და მას ხელფასს გაუორმაგებენ. იტალიური მედიის ინფორმაციით. ამჟამად, კვარაცხელიას ხელფასი წელიწადში გადასახადების გამოკლებამდე 1,7 მილიონი ევროა, ხოლო „სუფთად“ ფეხბურთელს 1,2 მილიონი ევრო რჩება.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ნეაპოლელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.




