კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში წყალტუბოს „სამგურალი“ სტუმრად საგურამოში „ლოკომოტივს“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა. 37-ე წუთზე წყალტუბოელები უკანა ხაზში შეცდნენ და შოთა შეყილაძის დარტყმის შემდეგ, ლევან შოვნაძის მოგერიებულ ბურთს ცარიელ კარში ახლო მანძილიდან კახა კახაბრიშვილმა დაამატა – 1:0.
მე-40 წუთზე ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ გამოზომილი პასით მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ ირაკლი რუხაძე დატოვა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
მე-40 წუთზე მარცხენა ფლანგიდან მიხეილ ბაშალეიშვილმა მეტოქის საჯარიმოში გახსნილ ნიკიტა სიმდიანკინს გადაცემა არ დაუგვიანა და რუსმა ლეგიონერმა საქართველოს ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
74-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდომ მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და შალვა ბურჯანაძემ თავური დარტყმით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. 75-ე წუთზე ლუქმან გილმორი ბურთს მეტოქის ნახევარზე დაეუფლა და მეკარესთან პირისპირ ბაშაეიშვილი გაიყვანა, რომელმაც საბოლოო წერტილი დასვა.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა „სამგურალმა“ ზედიზედ 3 თამაშის წაგების შემდეგ მოიგო და 45 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. გიორგი მიქაძის დამოძღვრილი „ლოკომოტივი“ 7 ქულით ბოლოა.
29-ე ტურის ბოლო შეხვედრა თელავში შედგა, სადაც ადგილობროვმა „თელავმა“ ქულები „სიონთან“ გაიყო – 0:0.
გია ცეცაძის ხელმძღვანელობით თელაველებს ჯერ არ მიუგიათ და 31 ქულით მე-7 ადგილზე არიან, ხოლო „სიონი“ 30 ქულით მერვეა.





