ზლატკო დალიჩის გაწვრთნილი ხორვატიის ნაკრები ერთა ლიგის მოსაგებად ბრძოლას განაგრძობს. A ლიგის პირველი ჯგუფის ბოლო ტურში ხორვატები ავსტრიას ესტუმრნენ და 3:1 სძლიეს. მე-6 წუთზე ანგარიში ბალკანელთა კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა გახსნა, ხოლო სამ წუთში ბაუმგარტნერმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 37 წლის მოდრიჩი ხორვატიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა.
69-ე წუთზე ხორვატები ლივაიამ დააწინაურა, რომელსაც ოთხ წუთში მხარი ლოვრენმა აუბა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ხორვატიამ ჯგუფში პირველი ადგილი 13 ქულით მოიპოვა და ერთი ქულით აჯობა დანიას, რომელმაც შინ საფრანგეთს 2:0 სძლია. სკანდინავიელები 33-ე წუთზე დოლბერგმა დააწინაურა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ ბურთი კარში გადაგზავნა.
39-ე წუთზე სკოვ ოლსენმა პარტნიორის პასის მერე საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით დაარტყა და მასპინძლები კიდევ უფრო წინ გაიყვანა.
საფრანგეთმა 5 ქულით ჯგუფში მე-3 პოზიცია დაიკავა, ხოლო ავსტრია 4 ქულით B ლიგაში დააქვეითდა.
ფორვარდი მარკო არნაუტოვიჩი ავსტრიის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. მან 104-ჯერ ითამაშა და ანდრეას ჰერცოგს ერთი შეხვედრით აჯობა.





