„ანკარაგუჯუ“, რომელშიც გიორგი ბერიძე გამოდის თურქეთის სუპერლიგის მე-6 ტურში სტუმრად „ალანიასფორთან“ 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 0:0 იყო.
მასპინძლებმა პირველი გოლი 65-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო სტუმრებმა მეტოქის კარი 69-ე წუთზე აიღეს. „ალანიასფორმა“ ანკარელები მეორედ 87-ე წუთზე დაამწუხრეს და საბოლოოდ 3 ქულას დაეუფლნენ. შეგახსენებთ, რომ ბერიძემ მე-2 ტურში შინ „ფენერბაჰჩესთან“ 2:3 წაგებულ მატჩში დუბლი შეასრულა. „ანაკარგუჯუმ“ მიმდინარე სეზონში ჯერ მხოლოდ ქულა აიღო და 19-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
მოსკოვის „დინამომ“, რომლის ღირსებას ლუკა გაგნიძე იცავს, ამ სეზონში პირველი თამაში წააგო. მოსკოველები სტუმრად „სოჩის“ დაუპირისპირდნენ და საკუთარ კარში ორი ბურთი გაუშვეს, ხოლო მოწინააღმდეგეს მხოლოდ ერთი გაუტანეს. 19 წლის ქართველი ნახევარმცველი ისევ სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი 1:2 აგებდა.
მასპინძლებმა საწყის 11 წუთში მოსკოველები ორჯერ დაამწუხრეს და მე-6 წუთზე ანგარიში წარმოშობით ქართველმა, მაგრამ რუსეთის მოქალაქე მელქაძემ გახსნა. სტუმრებმა ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე გაიტანეს.
„დინამო“ 16 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
