ლუბინის „ზაგლებიემ“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში პოზნანში ადგილობრივ „ვარტასთან“ ქულა აიღო – 2:2. სტუმრებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა გურამ გიორბელიძემ და გარემარბმა თორნიკე გაფრინდაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.
„ვარტა“ 28-ე წუთზე დაწინაურდა, ხოლო „ზაგლებიემ“ ანგარიში ხუთ წუთში გაათანაბრა. 67-ე წუთზე უკვე სტუმრები იგებდნენ, თუმცა პოზნანელებმა თანაფარდობა 71-ე წუთზე აღადგინეს და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „ზაგლებიე“ 10 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
„კრაკოვია“, რომელშიც ოთარ კაკაბაძე გამოდის, ლოძში „ვიძევთან“ 0:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. „კრაკოვია“ 13 ქულით მე-4 პოზიციაზეა.





