წიტაიშვილის საგოლე პასი – „ლეხმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო

0
24

პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, პოლონეთის ექსტრაკლასაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.
პოზნანელებმა მე-8 ტურში ლოძის „ვიძევი“ მიიღეს და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო წიტაიშვილი მოედანზე შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მე-80 წუთზე მასპინძლები ამარალმა დააწინაურა, ხოლო ანგარიშის გახსნიდან ერთ წუთში თავისი გუნდის შეტევა წიტაიშვილმა წამოიწყო და კარგი პასით „ვიძევის“ მეკარეს შეატოვა იშაკი, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა.
მოქმედ ჩემპიონ „ლეხს“ 10 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლუბინის “ზაგლებიე” შინ “იაგიელონიას” დაუზავდა – 1:1. მასპინძლებში 90 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ გიორბელიძემ, რომლის საგოლე გადაცემის შემდეგ 59-ე წუთზე მაკოვსკიმ ანგარიში გახსნა. თორნიკე გაფრინდაშვილმა “ზაგლებიეში” მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. ლუბინელები 9 ქულით მე-13 ადგილზე არიან.