კვიპროსის უმაღლეს დივიზიონის მე-2 ტურში „ქართული“ დერბი შედგა – „ანორთოსისმა“, სადაც 2 ქართველი ფეხბურთელი გამოდის აპოელს უმასპინძლა, რომლის ღირსებას ჩვენი სამი თანამემამულე იცავს. ეს დაპირისპირება კვიპროსში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპულია და ამ გუნდების გულშემატკივრები ერთმანეთს ვერ იტანენ.
აპოელმა შეხვედრა 2:0 მოიგო – 30-ე წუთზე ანგარიში მარკინიოსმა გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე მეტოქის კარი ბლუმმა აიღო, რომელსაც საგოლე პასი ქვილითაიამ მისცა.
„ანორთოსისში“ სრულად ითამაშა საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი ლორიამ, ხოლო მის მსგავსად სასტარტოში მყოფი ავთო ებრალიძე 63-ე წუთზე შეცვალეს.
აპოელში საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდნენ, ლაშა დვალი კი, რომელმაც პირველ ტურსი ტრავმა მიიღო, განაცხადში არ იყო.
აპოელი 4 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, ხოლო „ანორთოსისი“ 3 ქულით მერვეა.





