ბუდუ ზივზივაძე მიმდინარე სეზონში „ფეჰერვარის“ სასტარტო შემადგენლობაში მეორედ ვერ მოხვდა. უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-6 ტურში „ფეჰერვარმა“ „კეჩკემეტი“ მიიღო და 2:1 აჯობა.
მასპინძლები 31-ე წუთზე ნედომ დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი მე-40 წუთზე კატონამ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ზივზივაძე თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, მასპინძლებმა კი 3 ქულა 90-ე წუთზე სტოპირას ზუსტი დარტყმის შემდეგ მოიპოვეს. „ფეჰერვარი“ 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
სერბერთის სუპერლიგის მე-9 ტურში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პრინციპული დერბი შედგა ბელგრადის „პარტიზანსა“ და „ცრვენა ზვეზდას“ შორის, რომელიც თავისი დაძაბულობით მსოფლიოშიც ერთ-ერთი გამორჩეულია. შეხვედრა 1:1 დასრულდა და საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი „ცრვენა ზვეზდას“ განაცხადში ვერ მოხვდა. სტუმრებმა ანგარიში 26-ე წუთზე ბუკარის წყალობით გახსნეს, ხოლო მასპინძლებიდან წონასწორობა 56-ე წუთზე ნატჩომ აღადგინა. მოქმედი ჩემპიონი „ცრვენა ზვეზდა“ 19 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.





