ნიკა კვეკვესკირმა მიმდინარე სეზონში პოზნანის „ლეხის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა. მოქმედი ჩემპიონი პოლონეთის ექსტრაკლასას მე-6 ტურში სტუმრად გდანსკის „ლეხიას“ დაუპირისპირდა და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა.
სასტარტოში შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, როდესაც სტუმრებმა კუთხური გაითამაშეს და პარტნიორის პასის შემდეგ დაახლოებით 22 მეტრიდან „მოჭრილი“ დარტყმით ბურთი კარში გადაგზავნა.
„ლეხმა“ მეორე გოლი 42-ე წუთზე ველდეს დარტყმის შემდეგ გაიტანა, ხოლო მე-60 წუთზე თავი სკორაშმა გამოიჩინა. კვეკვესკირი 61-ე წუთზე შეცვალეს, საქართველოს ნაკრების გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა კი, პოზნანელთა რიგებში 74-ე წუთიდან ითამაშა. „ლეხმა“ ზედიზედ 2 შეხვედრა მოიგო და 7 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
„რაკუვმა“ თავის მოედანზე „პოგონსს“ 1:0 აჯობა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „რაკუვი“ 13 ქულით მესამეა.





