გამთამაშებლის ტრავმა ძვირად დაგვიჯდა – შვედებთან დავმარცხდით

0
16

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს გამთამაშებლის ტრავმა ძვირად დაუჯდა. რთულია, თქმა, ლუკა ლიკლიკაძე რომ ყოფილიყო,  ჩვენი გუნდი შვედეთს აუცილებლად დაამარცხებდაო, თუმცა ფაქტია – საქართველოს ნაკრებს სრული შემადგენლობით გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა ტანმაღალი და კარგად დაბალანსებული სკანდინავიური გუნდის მოსაგებად. ასე კი, ქართველებმა იბრძოლეს, შვედებს ტოლსწორად ეომნენ და რომ არ მე-3 პერიოდის ჩავარდნა, მოგების რეალური შანსი ექნებოდათ.
მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა სადებიუტო მატჩში ავსტრიის ძლევის შემდეგ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ შვედეთს შეხვდა და 67:77 დამარცხდა. ჩვენმა ნაკრებმა თამაში მძლავრად დაიწყო და ლევან ქვარცხავას, ვლადიმერ თავაქარაშვილისა და მათე კაპანაძის ქულებით 10:0 იგებდა. შემდეგ შვედებმა თამაში დაალაგეს და პერიოდის დასრულებამდე მოახერხეს დაწინაურება – 18:15.
საქართველოს ნაკრებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და შვედების გააქტიურებას სწორი, დაცვითი ტაქტიკა დაუპირისპირა. ერთი ეგაა, ჩვენები ვერაფერს უხერხებდნენ სკანდინავიელთა ტანმაღალ მოთამაშეებს – ფორსლინგ სებასტიანს და ბო კლინტმანს, რომლებმაც 28 ქულა და 24 მოხსნა მიითვალეს, რაც მცირექულიან მატჩში საკმაოდ ბევრია.
ქულა-ქულა თამაში პირველი ნახევრის ბოლომდე გაგრძელდა, საქართველოს ნაკრებს შეეძლო დიდ შესვენებაზე ლიდერად გასვლა, მაგრამ ქვარცხავამ ორივე საჯარიმო ააცილა და სკანდინავიელები 35:34 იგებდნენ. მესამე პერიოდში მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყდა. შვედებმა 15:2 გაქცევა მოაწყვეს, ხელჩასაჭიდი ლიდერობას დაეპატრონნენ და საქართველოს ნაკრების ყველა მცდელობა, თამაში გადაერჩინათ, წარმატებით უმკლავდებოდნენ.
მესამე პერიოდი შვედებმა 10 ქულით მოიგეს და სწორედ ეს 10 ქულა იყო ის უპირატესობა, რაც თამაშის ბოლოს შერჩათ. თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში ქართველებმა დასკვნითი 10-წუთეული მინიმალური სხვაობით – 20:19 მოიგეს და საბოლოოდ ტურნირზე პირველი მარცხი განიცადეს.
საქართველოს ნაკრებში 19 ქულითა და 4 ჩაჭრით საუკეთესო შედეგი ვლადიმერ თავაქარაშვილმა დააფიქსირა. 11 ქულა და 7 მოხსნა ვლადიმერ სალარიძის ანგარიშზე დაგროვდა. ლევან ქვარცხავამ გუნდს 9 ქულა შეაშველა, ხოლო ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა – 8. ჩვენს ჯგუფში 3-დან 3 მოგებით შვედები ლიდერობენ, მეორე კი ჩრდილოეთ მაკედონიაა 2 მოგებითა და 1 მარცხით. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ქართველებს ჯგუფში დარჩენილი ორივე მატჩის მოგება მართებთ ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოსთან.
18 ივლისი ტურნირზე დასვენებაა, “თბილისი არენასა” და ოლიმპიურ სასახლეში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თამაშები სამშაბათიდან განახლდება.