ბრატისლავას “სლოვანის” მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისისთვის საქართველოში დაბრუნება ემოციური აღმოჩნდა. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვალ ბათუმის “დინამოსთან” გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც სლოვაკების ქართველი ლეგიონერი გურამ კაშიაც დაესწრო.
ვლადიმირ ვაისი: “ძალიან ემოციურია საქართველოში დაბრუნება. აქ ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, ბოდიში ფინალის წაგებისთვის, მაგრამ ეს ქვეყანა ჩემს მეორე სახლად მიმაჩნია. საქართველოში არ ჩამოვსულვარ როგორც მტერი, არამედ ჩამოვედი როგორც მეტოქე. ვიცი, ხვალ საოცარი ატოსფერო იქნება მოედანზე. ს ფაქტორიცაა, რომ აქ ეროვნული ლიგა მიმდინარეობს, ჩვენთან კი ასე არაა. უბურთოდ უნდა ვიმოძრაოთ ბევრი, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება
გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან დიდი ტალანტია.სამწუხაროდ, ტრავმებმა მისი კარიერა ისე ვერ წარმართა, როგორსაც ყველა ელოდა, მაგრამ მაქ აქვს მონაცემები დიდი ფეხბურთის სათამაშოდ. მას სჭირდება სათამაშო პრაქტიკა, ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის ხვალინდელ შეხვედრაშიც დაამტკიცებს თავის შესაძლებლობებს”.
გურამ კაშია: “მართალი გითხრა არ მესიამოვნა, რომ ბათუმის “დინამოს” შევხვდით. რაღაც უცნაური გრძნობა მაქვს. ამ საოცარ მოედანზე, საოცარი გულშემატკივრების თანდასწრებით თამაში დიდი სიამოვნებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რთული იქნება, მაგრამ მე ამჯერად “სლოვანის” ფეხბურთელი ვარ და ჩემი გუნდის ინტერესები უნდა დავიცვა.
“დინამომ” ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და 10 კაცის შემადგენლობით გუნდმა საოცარი თამაში აჩვენა. ამჯერადაც რთული მატჩი გველის. გიორგი ჩაკვეტაძეს ჩვენს გუნდში ადაპტაცია არ გაუჭირდება. ვარჯიშებზე ძალიან მონდომებულია და მის ბოლო ვარჯიშებს რომ ვუყურებ ბედნიერი ვარ, რადგან ვფიქრობ, ძველი გიო ბრუნდება. წინა მატჩში გვქონდა უპირატესობა, მაგრამ ერთადერთი რაც დაგვაკლდა გოლი იყო. იმედია, ხვალ გავიტანთ”.
