სპორტის გუნდურ–სათამაშო სახეობებში ქართველი გულშემატკივარი ყველაზე მეტად კალათბურთელებს გაუხარებიათ. საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში ჩვენ თანამემამულეებს არაერთხელ მოუპოვებიათ ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პირველობა და ამ ტურნირების მრავალჯერ პრიზიორებიც გამხდარან. საკლუბო ასპარეზობებს რაც შეეხება, ჩვენი ქვეყნის საკალათბურთო ფლაგმანი თბილისის „დინამო“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრების ჩემპიონთა თასის გამარჯვებულია, 1950, 1953, 1954 და 1968 წლებში გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1949, 1950, 1951 და 1969 წლებში კი საკავშირო თასის მფლობელი გახდა.
ქართული კალათბურთის ისტორია მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან იწყება. 1922 წელს მოსკოვში გამართულ სპარტაკიადაში მონაწილე თბილისელმა მძლეოსანმა ალექსანდრე ჭელიძემ ნახა ბოძებზე დამაგრებული კალათბურთის ფარები და უცხო თამაში. ჭელიძე საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტში ფიზკულტურულ წრეს ხელმძღვანელობდა და თბილისში დაბრუნებულმა ახლანდელ უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე კალათბურთის პირველი მოედანი მოაწყო. 1923 წლის მარტში ამ მოედანზე ჩატარდა პირველი ოფიციალური საკალათბურთო მატჩი. ქუთაისში კალათბურთის პირველი ფარი 1923 წელს გივი კილაძის თაოსნობით აღიმართა და 1927 წელს საქართველოს პირველი ჩემპიონატიც ქუთაისში ჩატარდა.
ქართული გუნდები სსრკ ჩემპიონატებში 1934 წლიდან ჩაებნენ. ომამდელ წლებში ყველაზე უკეთ გამოდიოდა თბილისის “ლოკომოტივი”. 1944 და 1946 წლებში სსრკ ჩემპიონი იყო თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობდნენ ნოდარ ჯორჯიკია, ლეონიდ ძეკონსკი, ბორის სარქისოვი, გივი ახვლედიანი, მიხეილ ფილიპოვი, ოთარ სულაბერიძე.
ქალთა პირველი გუნდები საქართველოში 1930-იან წლებში შეიქმნა. მათგან საუკეთესო იყო თბილისის “ბურევესტნიკი”, რომელმაც სსრკ ჩემპიონატში ზედიზედ ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი. ქართველ კალათბურთელ ქალთაგან ყველაზე ტიტულიანია ალისა ასიტაშვილი. მან საბჭოთა ნაკრებთან ერთად ორჯერ გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატზე.
საერთაშორისო არენაზე ქართველ კალათბურთელთა წარმატებას სათავე ოთარ ქორქიამ და ნოდარ ჯორჯიკიამ დაუდეს. უპირველესად სწორედ მათი დამსახურებაა, კალათბურთი ჩვენი გულშემატკივრების საყვარელი თამაში რომაა. 1947 წელს, საკავშირო ნაკრების სადებიუტო ევროპირველობაზე ქორქიამ და ჯორჯიკიამ ოქროს მედლები მოიპოვეს, ამასთან ორივე ქართველი ტურნირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.
ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიადაზე საბჭოთა ნაკრებმა მხოლოდ ამერიკელებთან წააგო და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ქორქიამ და ჯორჯიკიამ ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
ნოდარ ჯორჯიკიას ქართველ კალათბურთელთაგან ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ მოუგია საკავშირო ჩემპიონატი, 1954 წელს კი საბჭოთა კავშირის პირველობის უძლიერეს მოთამაშედ აღიარეს.
ოთარ ქორქია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც სამჯერ მოახერხა ევროპის ჩემპიონატების მოგება. 1952 წელს ის საკავშირო პირველობის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, „სოვეტსკი სპორტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კი ოთარ ქორქია საბჭოთა კავშირის უძლიერეს კალათბურთელად სცნეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 1954 წელს ჩინეთში ტურნეს დროს ოთარ ქორქიამ ერთ მატჩში 69 ქულის დაგროვება მოახერხა.
მსოფლიო კალათბურთში არ არსებობს ტიტული, რომელიც ქუთაისელი მწვრთნელის სულიკო თორთლაძის აღზრდილებს ზურაბ საკანდელიძეს და მიხეილ ქორქიას არ მოუპოვებიათ. საკანდელიძე ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, ქორქიას კი ოლიმპიადასთან ერთად, კონტინენტისა და საკავშირო პირველობებზეც უმარჯვია.
ზურაბ საკალნდელიძისა და მიხეილ ქორქიას მწვერვალი მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადაა. საკავშირო ნაკრების მწვრთნელმა კონდრაშინმა ტემპერამენტიანი ქართველები ამერიკელებთან ფინალში სასტარტო ხუთეულში დააყენა. საბჭოთა ნაკრები 7:1 დაწინაურდა, გამთამაშებლის პოზიციაზე მოასპარეზე საკანდელიძის ანგარიშზე კი 6 ქულა იყო. პირველ ტაიმში რეაქტიულმა ქართველმა ბურთი სამჯერ ჩაჭრა, ერთ ეპიზოდში კი შედეგიანი გადაცემაც შეასრულა, რომლის შემდეგაც საბჭოთა ნაკრებს ორი ქულა ქორქიამ შემატა.
მიშიკო ვაჟკაცურად იბრძოდა, მოედანი ამერიკელთა ლიდერ ჯონსთან ერთად, წაკინკლავების შემდეგ დაატოვებინეს, საკანდელიძე კი ბოლომდე ასპარეზობდა. საბჭოელებმა ედეშკოს შესრულებული გადაცემით და ალეკსანდრ ბელოვის ტყორცნით 51:50 იმარჯვეს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ საკანდელიძის ჯარიმა, რომელსაც “ოქროს ფოლი” უწოდეს. შეხვედრის ბოლო წამებზე საბჭოთა მოთამაშეებს კოლინზის გარღვევა გამოეპარათ. საკანდელიძეს ამერიკელი უნდა შეეჩერებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლინზი ბურთს კალათაში მოათავსებდა და სათამაშო დროც ამოიწურებოდა. ზურიკო დაჯარიმდა, მეტოქემ ორივე ტყორცნა ჩააგდო, ამერიკა ქულით დაწინაურდა, მაგრამ საფინალო სირენამდე სამი წამი დარჩა…
ფინალში საკანდელიძემ 8 ქულა მოიპოვა და შედეგიანობით მხოლოდ სერგეი ბელოვს ჩამორჩა, ქორქიამ კი 4 ქულისა და 2 მოხსნის შესრულება მოახერხა.
ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ქართული საკალათბურთო სკოლის აღზრდილი სერგო კოვალენკოც. ქართველ კალათბურთელთაგან ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლები გურამ მინაშვილს, ლევან მოსეშვილსა და ვლადიმერ უგრეხელიძესაც მოუპოვებიათ, ბრინჯაო კი კოვალენკოს, მიხეილ ქორქიას და ნიკოლოზ დერიუგინს დაუმსახურებიათ.
ზურაბ საკანდელიძის დარად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთ ქუთაისელ კალათბურთელ ნიკოლოზ დერიუგინს მოუპოვებია. მისი საკალათბურთო კარიერის პიკი კოლუმბიის 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატია. ფინალამდე კოლიამ რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა. ბრაზილიასთან დერიუგინმა 17 ქულა დააგროვა. ამერიკელებთან გადამწყვეტი მატჩის მეორე ტაიმში საბჭოთა ნაკრები სამი ქულით მარცხდებოდა, როდესაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გომელსკიმ დერიუგინი მოედანზე შეიყვანა. დერიუგინი ასპარეზობაში აქტიურად ჩაერთო. შესვლისთანავე ბურთი ჩააგდო და საჯარიმო ხაზზეც დადგა. „დინამოს“ მეფარემ 6 წუთში 6 ქულა გააკეთა, ბურთიც მოხსნა, ჩაჭრაც შეასრულა და თამაშში გარდატეხა შეიტანა. საბოლოოდ საბჭოთა ნაკრებმა ქულით იმარჯვა, დერიუგინი კალათბურთში მეორე ქართველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
პლანეტის საკალათბურთო პირველობის პრიზიორები ქართველთაგან გურამ მინაშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ანზორ ლეჟავა და ზურაბ საკანდელიძე გამხდარან, ევროპის პირველობას რაც შეეხება, ჩვენ თანამემამულეთაგან კონტინენტის ჩემპიონი ოთხჯერ ზურაბ საკანდელიძე, სამჯერ ოთარ ქორქია და გურამ მინაშვილი, თითოჯერ ნოდარ ჯორჯიკია, ვლადიმერ უგრეხელიძე, ამირან სხიერელი, მიხეილ ქორქია გახდა.
ჩვენთვის განსაკუთრებით წარმატებული მეოცე საუკუნის 60–იანი წლები გამოდგა. ქართული კალათბურთის ფლაგმანმა თბილისის „დინამომ“ 1960 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში გააღწია. გადამწყვეტ შეხვედრებში ჩვენი მეტოქე რიგის სკა გახლდათ. ორი მატჩი ჯამში მეტად პრესტიჟული თასი ლატვიელ კალათბურთელებს ხვდა წილად.
ორი წლის შემდეგ ოთარ ქორქიას გაწვრთნილმა „დინამომ“ ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ორივე შეხვედრა მოუგო მოსკოვის ცსკა–ს, 29 ივნისს ფინალში კი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ორი ამერიკელი მოთამაშით გაძლიერებულ მადრიდის „რეალს“ შეხვდა. ესპანელები ფავორიტად ითვლებოდნენ, მაგრამ ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქეს ჩვეული ცეცხლოვანი ასპარეზობა შესთავაზეს, მეორე ტაიმის დასაწყისიდან წინ გაიჭრნენ, 90:83 იმარჯვეს და კონტინენტის უძლიერესი კლუბის ტიტული დამსახურებულად დაისაკუთრეს. დინამოელთა ტრიუმფი გუნდის კაპიტან გურამ მინაშვილთან ერთად ალექსანდრე კილაძემ, ლევან ინწკირველმა, ანზორ ლეჟავამ, ვალერი ალთაბაევმა, ილარიონ ხაზარაძემ, ალეკსანდრ პეტროვმა, ლევან მოსეშვილმა, ვლადიმერ უგრეხელიძემ, რევაზ გოგელიამ და ამირან სხიერელმა გამოჭედეს.
თბილისის „დინამომ“ კიდევ ერთ საევროთასო ფინალში 1969 წელს გააღწია, როდესაც თასების თასის გათამაშებაში ჩაება და გადამწყვეტ შეხვედრამდე ნახევარფინალში ათენის „პანათინაიკოსის“ დამაჯერებელი ძლევის შედეგად გავიდა. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარებულ ფინალში ქართველებს პრაღის „სლავია“ დაუპირისპირდა. თბილისელებს ორი წამყვანი კალათბურთელი, ალთაბაევი და სხიერელი, აკლდათ, რითაც ჩეხოსლოვაკელმა კალათბურთელებმა სათანადად ისარგებლეს და 80:74 იმარჯვეს.
საერთაშორისო არენაზე წარმატებას თბილისის „დინამომ“ საკავშირო ასპარეზზე გამარჯვევებიც შეუხამა. 1968 წელს დინამოელები მეხუთედ გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. პირველობისთვის გადამწყვეტი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში რიგის ვეფ–თან შედგა. ლევან ინწკირველის მთავარმწვრთნელობით თბილისელებმა ლატვიელებს დაძაბულ ორთაბრძოლაში მოუგეს და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ოქროს მედლები გაინაღდეს. ვეტერან დინამოელებთან ერთად საჩემპიონო გუნდში ახალი თაობის ქართველი კალათბურთელები ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ზურაბ ქარაბაქი, სერგო მაღალაშვილი, ბონდო ბოლქვაძე, თამაზ ჩიხლაძე, თენგიზ ფიცხელაური ასპარეზობდნენ.
წარმატებული საკალათბურთო დეკადა კი თბილისის „დინამომ“ კიდევ ერთი ტრიუმფით დაასრულა – 1969 წელს გუნდი საკავშირო თასს დაეუფლა.
ქართველ მწვრთნელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი ავალიშვილის, შალვა დიასამიძეს, მიხეილ კეკელიძეს, სულიკო თორთლაძეს წვლილი, რომელთაც არაერთი ბრწყინვალე კალათბურთელი აღუზრდიათ. გამოსარჩევია ლევან მოსეშვილის სამწვრთნელო კარიერაც. მოსეშვილი კარგა ხნის განმავლობაში ედგა სათავეში თბილისის „დინამოს“, გუნდს საბჭოთა კავშირის პირველობის, ხოლო საქართველოს ნაკრებს საკავშირო სპარტაკიადის პრიზიორობა მოუპოვა. დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში ლევან მოსეშვილი პირველი მწვრთნელია, რომელმაც სამ გუნდთან ერთად მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია 1991 წელს დაარსდა და მას შემდეგ მოყოლებული ქართველ კალათბურთელებს საერთაშორისო არენაზე თავი არაერთხელ გამოუჩენიათ. 2011 წლიდან მოყოლებული ჩვენმა ნაკრებმა ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობის უფლება, 2017 წელს კი საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პრესტიჟული შეჯიბრებები, კლაიპედას ტურნირი და ათენის „აკროპოლისის თასი“ მოიგო. საქართველოს ნაკრებს დამარცხებული ჰყავს აღიარებული გრანდები – სერბეთის, ხორვატიის, ლიეტუვას, საბერძნეთის, ისრაელის ნაკრებები.
პლანეტის ყველაზე ძლიერ ლიგაში, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველ კალათბურთელთაგან ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიას, გოგა ბითაძეს, სანდრო მამუკელაშვილს უთამაშიათ, ფაჩულიამ კი „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში ორჯერ მოიპოვა ნბა–ს ჩემპიონის ტიტული.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ევროლიგა ორჯერ მოიგო გიორგი შერმადინმა, რომელმაც ასევე ფიბას ჩემპიონთა ლიგასა და საკონტინენტთაშორისო თასზე იმარჯვა…
