გორის „დილამ“ მიმდინარე სეზონში თავისი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი ზესტაფონში „ტორპედოს“ ესტუმრა და 1:4 წააგო.
მატჩის მე-18 წუთზე ანგარიში გიორგი არაბიძემ გახსნა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრიდან „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0. 41-ე წუთზე გორელთა კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ.
მეორე ტაიმი თორნიკე ახვლედიანის ბენეფისად იქცა, რომელმაც პროფესიონალურ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი მიითვალა. 63-ე წუთზე, არაბიძემ კონტრშეტევა მარჯვენა ფლანგზე მოძებნა და საუცხოო დიაგონალური პასი იერიში მარცხენა ფრთაზე გადაიტანა, სადაც ქუთაისელებმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი გაითამაშეს, ხოლო კომბინაცია ირაკლი ბუღრიძისი გადაცემის მერე ახვლედიანმა გოლით დაასრულა – 2:0.
74-ე წუთზე, გიორგი კუხიანიძის პასის შემდეგ ახვლედიანი გორელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 3:0. 78-ე წუთზე ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ დროულად მოძებნა მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ჰაჯი დრამე, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა. მალელმა „დილას“ მაისურით თავისი პირველი გოლი მიითვალა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე „ტორპედოს“ კონტრიერიშის დროს ბუღრიძემ „დილას“ მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა ახვლედიანი, რომელმაც საბოლოო წერტილი დასვა.
„დილას“ 34 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა, ხოლო კახა ჩხეტიანის დამოძღვრილი „ტორპედო“, რომელმაც ამ სეზონში თავისი საუკეთესო მატჩი აჩვენა, 24 ქულით მეშვიდეა.





