„დინამომ“ „დილას“ აჯობა – კალანდარიშვილის დუბლი

0
3

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ“ გორის „დილა“ მიიღო, რომელსაც ლევან კორღალიძის წასვლის შემდეგ, დროებით სათავეში რამაზ სოღოლოაშვილი ჩაუდგა და სამი ქულა აიღო.
მატჩის მე-9 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე კირკიტაძემ გორელთა საჯარიმოში პასი ნიკოლოზ კალანდარიშვილს მისცა, რომელსაც გვინეელი მოჰამედ კანტე ეუხეშა და მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ პენალტი დანიშნა. კალანდარიშვილმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა – 1:0.
მე-10 წუთზე მასპინძლებმა მოედნის ცენტრში სტუმრებს ბურთი აართვეს და კალანდარიშვილმა საჯარიმოში გახსნილი გიორგი კოხრეიძე მოძებნა, რომლის ჩაწოდების მერე მარჯვნიდან, მოლდოველმა დმიტრი მანდრიჩენკომ თავით ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 2:0.
33-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა კარგი გადაცემა გაუკეთა ბათუმელთა საჯარიმოში გახსნილ თედო კიკაბიძეს, რომელმაც ერთი შეხებით კარის გასწვრივ ჩააწოდა და შოთა შეყილაძემ დაახლოებით 2 მეტრიდან ბურთი კარის ზედა ძელს მოახვედრა.
36-ე წუთზე ნიგერიელმა მცველმა ოლატუნჯიმ დაახლოებით 30 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ლაზარე კუპატაძემ „დინამო“ ვერ გადაარჩინა – 2:1. 56-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ გამოსულმა კუპატაძემ ბურთი ხელებით შეაჩერა და წითელი ბარათი მიიღო. კარში 20 წლის საბა ისმაილოვი ჩადგა, რომელმაც მანდრიჩენკო შეცვალა.
84-ე წუთზე განელმა ბლაქსონ ანროფმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და ბურთი გიორგი ფუტკარაძეს შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. 88-ე წუთზე განელმა ემანუელ ბოანსიმ თავის საჯარიმოში ფუტკარაძე  წააქცია და ნინუმ კიდევ ერთი პენალტი დანიშნა, რომელიც კალანდარიშვილმა გამოიყენა – 3:2.
„დინამოს“ 24 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა, ხოლო „დილა“ 20 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი